ესპანელი მცველის, ნაჩო მონრეალის აზრით, ლონდონის “არსენალს” აქვს ტიტულების მოპოვების პოტენციალი. “მეთოფეთა” და საკუთარ მიზნებზე ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა.
,,ვერ დავასახელებ კონკრეტულად რომელი თასის მოგება მსურს, ჩვენი მიზანი ორივე შეჯიბრში გამარჯვებაა - როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ინგლისის ჩემპიონატში. წარმატებული სტარტი ამის თქმის უფლებას მაძლევს. ვფიქრობ, მოვიდა დრო “არსენალმა” ტიტულების მოპოვება დაიწყოს’’- განაცხადა მონრეალმა.
ფეხბურთელი, “მალაგადან’’ “არსენალში” გადაბარგებასაც შეეხო.
,,მანუელ პელეგრინისგან უდიდესი ნდობა მქონდა, მისი მადლობელი ვარ, თუმცა მოვიდა დრო “მალაგა” დამეტოვებინა, ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოწურული მქონდა და ლონდონელთა შემოთავაზებას დავთანხმდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, “არსენალში” ყოფნით ბედნიერი ვარ, ძალიან მეგობრული გარემოა კლუბში, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად’’- დაასრულა ესპანელმა.