საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია. საფრანგეთის 3:2 ძლევის შემდეგ ირაკლი უზნაძის გუნდმა მონღოლეთს 4:1 მოუგო და ამ შემთხვევაშიც, შეხვედრის ბედი პირველი ოთხი წონის დაპირისპირებაში გადაწყდა.
ნაკრების თავკაცმა შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა – 66 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი ამირან პაპინაშვილით ჩაანაცვლა, ხოლო 73-ში ნუგზარ ტატალაშვილი ზებედა რეხვიაშვილით.
თავიდან მონღოლები დაწინაურდნენ, მას შემდეგ, რაც ტუმურხულეგ დავაადორჟმა პაპინაშვილს ერთადერთი გაფრთხილებით აჯობა. რეხვიაშვილმა კი უხვტიტულა მეტოქეს ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს სამ წუთში შესრულებული ორი ვაზარით მოუმთავრა საქმე. ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ნიამ ოჩირ საინიარგალს შიდოებით 2:1 აჯობა. ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) კი ნახევარფინალში გამსვლელი გამარჯვება ცოგტგერელ ხუთაგთან სუფთა გდებით მოიპოვა. თანაგუნდელებს არც მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ჩამორჩა და უმოტივაციო შეხვედრაში ნაიდან ტუვშინბაიარი გააკრა ტატამს.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში იაპონია დაამარცხა. ფინალის მეორე საგზურისთვის კი რუსეთი და სამხრეთ კორეა იბრძოლებენ.