პორტუგალიური “ბენფიკის” მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა, ახალი სეზონიდან შესაძლოა “მონაკო” ჩაიბაროს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, მონაკოელთა მრჩეველმა სპორტულ საკითხებში ლუის კამპოსმა, პარასკევს ლისაბონში ჟეზუშთან შეხვედრა გამართა და 59 წლის სპეციალისტს 2+1 კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.
გავრცელებული ცნობით, პორტუგალიელის კანდიდატურა მოიწონეს კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა და მფლობელმა დმიტრი რიბოლოვლევმა, თუმცა, მწვრთნელის არჩევანში გადამწყვეტი როლი სწორედ კამპოსს აკისრია. ამასთან, “მონაკოს” ამჟამინდელი თავკაცის კლაუდიო რანიერის მომავალი ოფიციალურად ჯერ კიდევ გაურკვეველია და საბოლოო ვერდიქტი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
ჟორჟე ჟეზუში “ბენფიკაში” 2009 წლიდან მუშაობს, მიმდინარე სეზონში მისმა გუნდმა ვადაზე ადრე მოიპოვა პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული და ევროპის ლიგის ფინალშიც ითამაშებს.