ჭიდაობა

22:23 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მონაგარს ვერაფერი შემატეს

სერბულ ზრენჯანინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა პირველ დღეს ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა (თავი ზვიად პატარიძემ და ლევან ქავჟარაძემ გამოიჩინეს), მეორე დღეს კი მონაგარს ვეღარაფერი შემატა.

საქმეში დღესაც 5 მოჭიდავე ვიხილეთ და მათგან ყველაზე ახლოს მედალთან ირაკლი თარხნიშვილი (69 კგ.) გახლდათ. მან უნგრელი რაკოლტა, ებრაელი ზიმკინდი და ინდოელი დალალი დაამარცხა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ იაპონელ სასაკისთან წააგო, რასაც რეპეშაჟში ყაზახ შადუკაევთან წარუმატებლობა მიაყოლა.

დღესვე საჭიდაო ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (42 კგ.), თემურ შავაძე (46 კგ.), ნუკრი შავაძე (76 კგ.) და გიგა ქოქოლაძეც (85 კგ.) გავიდნენ, თუმცა, კვარცხლბეკამდე ვერც მათ მიაღწიეს.

22 და 23 აგვისტოს სერბული დარბაზი გოგონებს დაეთმობათ, 24 და 25 აგვისტოს კი საქმეში უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილს ზრენჯანინში შმაგი თოდუა (46 კგ.), ირაკლი მხეიძე (50 კგ.), გიორგი ყაზარაშვილი (54 კგ.), რამაზ ზოიძე (58 კგ.), ედუარდ ნიკოლიშვილი (63 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (69 კგ.), გიორგი გიორგობიანი (76 კგ.), ვაჟა ომარაშვილი (85 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ.) ჰყავს წაყვანილი.

0.10899