გულშემატკივრის სვეტი

11:15 | 25.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

მომავლის არენა მომავლის გარეშე

ბოლო დროს ცხინვალში დიდი გამოცოცხლებაა. როგორც იქნა, რუსეთიდან ჩასულმა ფულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთამდეც მიაღწია და ცხინვალში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დაიწყო. პირველ რიგში კი, ცხინვალის სტადიონის რეკონსტრუქციაა აღსანიშნავი. ცხინვალის ცენტრალური სტადიონი სამაჩაბლოს პირველი ომის შემდეგ, საწყობად იყო გადაკეთებული და ერგნეთის ცნობილ ბაზრობაზე შესატანი სხვადასხვა სახის პროდუქტები (ძირითადად ფქვილი და ბენზინი) ცხინვალის იავარქმნილ სტადიონზე ინახებოდა.
2008 წლის ომის შემდეგ, ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სტადიონის რეკონსტრუქციის შესახებ რამდენჯერმე რიხით განაცხადა, მაგრამ თანხები ადგილობრივი კრიმინალების ჯიბეებში ილექებოდა და აქამდე არათუ სტადიონის, ელემენტარულად სასმელი წყლის სისტემის შერემონტებაც კი ვერ ხერხდებოდა. ბოლოს კი, ცხინვალის რეგიონის მართვის სადავეები ხელში მოსკოვიდან სპეციალურად წარგზავნიმა ემისრებმა აიღეს და სტადიონის რეკონსტრუქციაც ამის შემდეგ დაიწყო.
ერთ-ერთ რუსულენოვან ინტერნეტ-ფორუმზე ვინმე “ზაური” (რომელსაც პირად მონაცემებში საცხოვრებელ ადგილად ქალაქი ცხინვალი უწერია) სიხარულით წერს, რომ ცხინვალის ცენტრალური სტადიონი 10 ათას მაყურებელზეა გათვლილი და სულ მალე, ოსური ფეხბურთის აღორძინებაც დაიწყება. “ზაური” ასევე წერს იმას, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის სპორტის მესვეურებს ესაუბრა და უახლოეს მომავალში, ცხინვალის “სპარტაკის” ხელახლა ჩამოყალიბებაა დაგეგმილი.
ერთი სიტყვით, ცხინვალს უკვე აქვს ერთი რეკონსტრუირებული სტადიონი, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა – ვინ უნდა ითამაშონ ამ სტადიონზე და გარისკავს თუ არა ფიფა-უეფას აღიარებული წევრი, რუსეთის ფედერაცია, ცხინვალის საფეხბურთო კლუბის რუსეთის ჩემპიონატში “მიპატიჟებას.” რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რომ მსოფლიოსა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები “ახალ რეალობასთან” შეეგუებინა და სახელდახელოდ შეკრებილმა “სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა ნაკრებმა” რუსეთში გამართულ რამდენიმე ამხანაგურ ტურნირზეც მიიღო მონაწილეობა.
ამის შემდეგ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ოსებმაც გააგზავნეს თხოვნის წერილები ფიფა-უეფაში – გვაღიარეთ და ჩვენ ვიცით თქვენი პატივისცემაო. მაგრამ ფიფა-უეფა სეპარატისტების ოცნებებს ან უტყვი დუმილით პასუხობდა, ანდა საპასუხოდ გაგზავნილ წერილებში წერდნენ, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფეხბურთო ორგანიზაციად მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიიჩნევენ და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სფფ-ის დაუკითხავად გამართული ნებისმიერი საფეხბურთო ღონისძიება, ოფიციალურ ტურნირად ვერ ჩაითვლება.
მაგრამ ქართველი ქომაგები ალბათ მაინც სვამენ კითხვას, თუ რამდენხანს გასტანს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ბოსების ასეთი შეუვალობა და ოდესმე დადგება თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციების აღიარების საკითხი. ამ მხრივ, მსოფლიო ფეხბურთის ისტორია აშკარად ჩვენს სასარგებლოდ ღაღადებს. ფიფა-უეფაში დღემდე არ აღიარებენ ე.წ. თურქული კვიპროსის ფეხბურთს და არც ჩინეთისაგან განდგომილი რეგიონების აღიარების საკითხი დამდგარა. უეფა ასევე არ ცნობს მთიანი ყარაბაღის საფეხბურთო პრეტენზიებს. ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები ამა თუ იმ ფეხბურთის ფედერაცია-კონფედერაციას მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მსოფლიოს საზოგადოების მიერ აღიარების შემდეგ იღებენ საკუთარ წევრად (ამისათვის კოსოვოს მაგალითიც კმარა). ვანუატუსა და ნიკარაგუას გადაწყვეტილებები კი, მადლობა ღმერთს, რომ მსოფლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა.
ცხინვალის ახლად გარემონტებულ სტადიონს რაც შეეხება, ადამიანი შურიანი და ბოროტი უნდა იყო, საქართველოს მიწაზე (თუნდაც ოკუპირებულ მიწაზე) აშენებულმა ახალმა სტადიონმა დაგადარდიანოს. ააშენონ, ბატონო, რამდენიც უნდათ. ააშენონ და არც ფეხბურთის თამაშს უშლით ვინმე. უბრალოდ, ფეხბურთის თამაშის დროს, ხშირად უნდა გაიხედონ აქეთ-იქით და თუკი მიწასთან გასწორებულ ქართულ სოფლებს დაინახავენ, ეგებ მიხვდნენ, რომ სანამ ეს ნანგრევები იქნება, დიდ და “სერიოზულ” ფეხბურთზე არ უნდა იოცნებონ.
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

0.107548