სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

16:44 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეებმა ევროპა შეაფასეს

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეჯამდა. რუსეთის ქალაქ ანაპაში გამართულ ევროპირველობაზე რინგზე 9 ქართველი ჭაბუკი ავიდა და მათგან ოთხმა მედალი მოიპოვა. ამასთან, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

გიორგი ხარაბაძე (66 კგ) ჩემპიონი გახდა. რატი ტლაშაძე (74 კგ) მხოლოდ ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, გიორგი ჩარგაზია (46 კგ) და უჩა მაისურაძე (52 კგ) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ.

ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს, ნაკრებისა და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ წარმატებული გამოსვლა მიულოცა. და იმედი გამოთქვა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის წევრები ეროვნულ ნაკრებშიც შედეგიანად გააგრძელებენ გამოსვლას.

“ვულოცავ ნაკრების უფროს მწვრთნელ თემურ ლორთქიფანიძეს, ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობას, მოკრივეთა პირად მწვრთნელებს და აბსოლუტურად ყველას, ვისაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის” – განაცხადა თამაზ თევზაძემ.

ფედერაციის პრეზიდენტმა დავით კვაჭაძემ კი თქვა, რომ ჭაბუკთა ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებმა შედეგმა გამოაჩინა, რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოს სპორტის ამ სახეობაში.

“ძალიან კარგი თაობები მოდის და მათ მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ. იმედია, მომავალ წელს მთავრობის მხრიდან მეტი დახმარება იქნება. ინფრასტრუქტურის პრობლემასაც მივხედავთ და ეს ხელშეწყობა შედეგებზეც აუცილებლად აისახება” – დასძინა კვაჭაძემ.

მოკლე კომენტარი ევროპის ჩემპიონმაც გააკეთა:

“ოთხი შეხვედრა ჩავატარე და ოქროს მედალი მოვიპოვე. ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ეს ტიტული ჩემთვის დიდი სტიმულიცაა, უფრო მაღალი შედეგებისთვის საბრძოლველად” – გვითხრა გიორგი ხარაბაძემ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.207752