ბლოგი

16:54 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივე ვაჟა ფშაველა

ვაჟა ფშაველა, რამდენადაც დიდი და მაგარი მწერალი იყო, იმდენად, ყოველთვის ცდილობდა, რომ ჭეშმარიტ ფშაველად დარჩენილიყო და თანაკუთხელებისგან, ფშაველებისგან არ გამორჩეულიყო. ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ ვაჟას ერთმანეთზე საუკეთესო ლექსებსა და მოთხრობებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნებოდნენ ვაჟას კრივისადმი და საერთოდ, მუშტების ქნევისადმი დამოკიდებულების შესახებ.

მოკლედ, ვაჟას ძალიან უყვარდა კრივი და როდესაც შანსი მიეცემოდა, ყველგან ებმებოდა საკრივო ამბებში. ოღონდ, ყველაზე მეტად რაც სძულდა, ეს სუსტის დაჩაგვრა იყო. როდესაც ვაჟა ფშაველა თბილისში პირველად ჩამოვიდა, იმ პერიოდში, თბილისი კავკასიაში, ე.წ. ქალაქური კრივიდ მექად ითვლებოდა. თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მტკვარსგაღმა და გამოღმა უბნების ჯეელები, კრივის გასამართად თვეში ერთხელ იკრიბებოდნენ და იყო ერთი ჭახა-ჭუხი და ამბავი. როგორც იოსებ გრიშაშვილი თავის შესანიშნავ წიგნში, “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”-ში წერს, ქალაქური კრივი რამდენიმენაირი იყო: ჯგუფური კრივი, როდესაც დროის ერთ მონაკვეთში ორი უბნის ბიჭები სინქრონულად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს თავ-პირს უერთიანებდნენ; ასევე იყო კრივი, სადაც ქვების გამოყენებაც კი შეიძლებოდა და გამარჯვებულად ის უბანი ითვლებოდა, რომელიც მოწინააღმდეგეებს მტკვარგადაღმა გადარეკავდა; თუმცა, ასევე იყო კრივი მორიგეობით. ანუ, ჯერ ერთნი იბრძოდნენ, მერე გამარჯვებულს მოწინააღმდეგეთა “გუნდიდან” სხვა ხვდებოდა და ასე იქამდე, სანამ, რომელიმე უბნის უკანასკნელი ყოჩი არ წაიქცეოდა.

ვაჟა ფშაველა თბილისში ჩამოსვლისანავე შეუერთდა ქალაქელ მოკრივეებს და თავიდანვე დაანახა ყველას, რაც შეეძლო. როგორც ვაჟას თანამედროვეები იხსენებენ, თბილისში პირველივე საკრივო ჩხუბის დროს, მოწინააღმდეგეს, კლდისუბნელ ბიჭს, ისეთი გასცხო, ყბა გაუტეხა და ამან, ვაჟას თავიდანვე დიდი ავტორიტეტი შესძინა მოკრივეთა შორის.

როგორც უკვე ვთქვით, მაშინდელ თბილისში მტკვრის გაღმა-გამოღმა უბნები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეს ჭახა-ჭუხები, ერთგვარი ქალაქური დერბიც იყო. მაგრამ, რაკი ვაჟა მთიელი კაცი იყო და თბილისური უბნური გარჩევები დიდად არ აინტერესებდა, კრივის დროს ყოველთვის სუსტების მხარეს იჭერდა. თურმე, იმ პერიოდში ზემო ქალაქის უბნები, ქვემო ქალაქის უბნებს სულ სჯობდნიდნენ კრივში და ვაჟაც, რაკი ხედავდა, რომ ქვემოუბნელებს უჭირდათ, მათ მხარეს უფრო ხშირად იჭერდა ხოლმე.

როგორც ცნობილია, ვაჟა ფშაველა კრივის ტრფიალი სიბერემდე დარჩა და როდესაც უკვე ასაკში შევიდა და ცნობილი მწერალიც გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მუშტების ქნევის ჯანი აღარ მოსდევდა, კრივის სანახაობას არასოდეს აკლდებოდა და ქომაგობაც კარგად გამოუდიოდა.

თურმე, ძველ დროში არსებობდა ჭორი, რომ ვაჟა ფშაველა, რაკი კრივი ძალიან უყვარდა, თითქოს ჩხუბისთავიც იყოო. ეს ჭორი განსაკუთრებით მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც დუშეთის ერთ-ერთ დუქანში შეზარხოშებულმა ვაჟამ, მისი ფულში მოტყუების მსურველი მედუქნე კარგა კოხტად მიტყიპა. ვაჟას ასევე ნაცემი ჰყავდა ვაჭარი, რომელიც მის სოფლელებს ატყუებდა და უხარისხო ძონძებს ძვირად ასყიდებდა (შემდეგ ეს ამბავი, ნაწილობრივ, ვაჟას თავის მოთხრობაშიც აქვს აღწერილი). მაგრამ ამით, ვაჟას სამართლიანობისადმი ლტოლვა უფრო ჩანს, ვიდრე უბრალოდ ჩხუბისმოყვარეობა. თუმცა, ალბათ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, ფშავის სოფელ ჩარგალში გაზრდილი დიდი მწერალი, აქა-იქა მკლავებსაც თუ გაიქნევდა. ვაჟკაცი იყო და იმიტომ!


0.11768