დღეს, დევიდ მოიესმა, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, პირველი პრესკონფედერნცია გამართა. 50 წლის სპეციალისტმა სატრანსფერო ჭორებზე საუბარი იუარა, მაგრამ მას უეინ რუნისა და კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარის გაკეთება მაინც მოუხდა.
“რუნი არ იყიდება. ის “მანჩესტერის” ფეხბურთელია, რომელთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. უეინს ვესაუბრე. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, რომლების დროსაც ყველაფერი გადაწყდა. მან ჩვეული ფორმა დაიბრუნა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუნი ოპტიმალურ ფორმაში ვიხილოთ.” – აცხადებს დევიდ მოიესი რუნიზე, რომელსაც, აქამდე, “მანჩესტერიდან” წასვლის სურვილი ჰქონდა.
კრიშტიანუ რონალდუზე დასმულ შეკითხვას მოიესი ასე პასუხობს: “სხვა კლუბის ფეხბურთელზე არასდროს ვისაუბრებ. ეს ჩემი სტილი არაა. როდესაც ფეხბურთელს სხვა გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, მის ტრანსფერზე საუბარი არასწორია. თუმცა, “მანჩესტერი” ყოველთვის ცდილობს საუკეთესო ფეხბურთელების შეძენას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გუნდი გავაძლიეროთ.”