“მანჩესტერ იუნაიტედის’’ შოტლანდიელმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ახალგაზრდა ადნან იანუზაი შეაქო და გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც უეინ რუნი ახალგაზრდულ ასაკში მისი ხელმძღვანელობით ,,ევერტონის’’ ღირსებას იცავდა. ,,სუონსისთან’’ შეხვედრის შემდეგ ბრიტანულ პრესასთან საუბარში მოიესმა აღნიშნა, რომ მათ ბევრი საერთო თვისება აქვთ. ახალგაზრდა იანუზაი და ძალიან ჰგავს ძველ რუნის.
მოიესის აზრით, იანუზაის შესწევს იმის ძალა, რომ რუნის მსგავსად გაიაროს დიდი ფეხბურთისკენ სავალი გზები და სუპერვარსკვლავი გახდეს, თუმცა ამის მისაღწევად ფეხბურთელმა მოთმინება, სიფრთხილე და შრომისმოყვარეობა უნდა გამოავლინოს.
,,ადნანსა და უეინს შორის მცირე განსხვავება არის. იანუზაი ასაკის მიუხედავად, ძალიან მშვიდია, იგი მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული, მას ფანატიკურად უყვარს თავისი საქმე და მისი უპირველესი ხელის შემწყობი მისი მამაა, რომელიც მუდამ ზრუნავდა შვილზე.’’
,,იანუზაი ყოველდღიურად ვარჯიშობს და ხვეწს ოსტატობას. ვფიქრობ, იგი ოდნავ ქედმაღალია სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, რადგან მას სურს ითამაშოს განსაკუთრებულად, იყოს საუკეთესო, თამაში საკუთარ თავზე აიღოს და მუდამ ცდილობდეს რაღაც ახლის შექმნას.’’
,,რამდენიმე თვეა, რაც ადნანი გავიცანი. როგორც პიროვნებას, ჯერ ძალიან კარგად არ ვიცნობ, თუმცა როდესაც მისი თამაში სეზონის მოსამზადებელი ეტაპისას ვნახე, იქიდან მოყოლებული ვრწმუნდები, რომ იგი ნამდვილი ტალანტია. მას შეუძლია მარცხნიდან თამაში, შეუძლია მარჯვნიდან თამაში, შეუძლია ითამაშოს ცენტრფორვარდად. რუნიც ხომ ასეთია, სხვადასხვა პოზიციაზე კარგად თამაში შეუძლია.’’
,,ჩვენ გვსურს იანუზაიმ ხშირად ითამაშოს, გაიტანოს გოლები, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, საკმარისზე მეტ ხანს არ უნდა დაჰყოს დრო მოედანზე.’’_ დაასრულა მოიესმა
დიმიტრი შარიქაძე