სტატიები

17:26 | 29.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოგების მოყვარული პრაგმატიკოსი

ინგლისის ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან ამასწინათ სკანდალით წასულმა ფაბიო კაპელომ დიდი როლი შეასრულა ფეხბურთის შემდგომი განვითარების საქმეში, ამიტომაც მის მიერ გავლილი სადამრიგებლო კარიერის ძირითადი ეტაპების თქვენთვის შეხსენება გადავწყვიტეთ.
...1987 წელს, სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის იმჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მთავარმწვრთნელობიდან ნილს ლიდჰოლმი დაითხოვა და დარჩენილ მატჩებში “მილანის” გაძღოლა 41 წლის კაპელოს დაავალა. დონ სილვიომ ფაბიოს მიზნად უეფას თასის საგზურის დაუფლება დაავალა. დაკისრებულ მისიას კაპელომ თავი წარმატებით გაართვა, ახალი სეზონიდან კი ბერლუსკონიმ “მილანის” მწვრთნელად... არიგო საკი დანიშნა. ფაბიო ფეხბურთს დროებით ჩამოშორდა, თუმცა, საქმიანი და ენერგიული კაპელო ბერლუსკონის უსაქმოდ არ დაუტოვებია და მას საკუთარ ჰოლდინგ “ფინინვესტში” სასპორტო დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი შესთავაზა. ფაბიო კაპელოს რაგბის, ჰოკეისა და ფრენბურთის კურირება დაევალა.
ამასობაში საკიმ “მილანს” სკუდეტო, ორ-ორჯერ ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი მოაგებინა. ჰოლანდიურ ტრიოზე გაკეთებულმა აქცენტმა სრულად გაამართლა, საკი დიდების ზენიტში იყო, ფუნქციონერის კაბინეტში მჯდომი კაპელო შურით აღსავსე ადევნებდა თვალს თანატოლი კოლეგის სამწვრთნელო ტრიუმფს. 1991 წლის შემოდგომაზე არიგო საკი იტალიის ნაკრების გაწვრთნას დასთანხმდა და “მილანიდან” წავიდა. სილვიო ბერლუსკონი დილემის წინაშე დადგა და მანაც არჩევანი ფაბიო კაპელოზე შეაჩერა, რომელსაც ზურგს მწვრთნელად მუშაობის მხოლოდ 5 მატჩში მიღებული გამოცდილება უმაგრებდა. “მილანის” პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ სპეციალისტთა დიდი ნაწილი შოკში ჩააგდო, “გაძეტა დელო სპორტი” კი წერდა: “უეჭველია, რომ კაპელო დროებითი მწვრთნელია. ბერლუსკონიმ იგი ცაიტნოტში მყოფმა დანიშნა და “მილანის” დამრიგებლის პოსტზე დანიშვნის ღირსეული კანდიდატის ძებნას იგი უსათუოდ განაგრძობს”. არ გამართლდა ავტორიტეტული გამოცემის სკეპტიციზმი – ახალი მწვრთნელის მეთაურობით ”მილანს” არათუ უკუსვლა დაეწყო, საკის დაწყებული საქმე არანაკლები წარმატებით გაგრძელდა – საკლუბო მუზეუმი 4 სკუდეტოთი და ჩემპიონთა თასით შეივსო.
მილანელებმა ფაბიო კაპელოს მეთაურობით უფრო პრაგმატული სტილით დაიწყეს ასპარეზობა. ახალმა დამრიგებელმა აქცენტი ზურგის გამაგრებაზე გააკეთა და ამ საქმეში დიდ წარმატებასაც მიაღწია. კაპელო ჯიუტად იმეორებდა, რომ ფეხბურთის უპირველესი საფუძველი დაცვაა და უკანა ხაზის მოწესრიგების გარეშე სტაბილური შედეგებზე ფიქრიც კი ზედმეტია. დონ ფაბიოსეული პრინციპით ძლიერი, ავტომატიზმამდე დაყვანილი დაცვა ხელ-ფეხს უხსნის წინა ხაზის მოთამაშეებს. “მილანში” მისვლისთანავე კაპელომ ლაკონურად ჩამოაყალიბა საკუთარი სამწვრთნელო კრედო – გულშემატკივარს მოგება უყვარს, მე კი მათთვის სასურველი შედეგის მოპოვებაზე უნდა ვიზრუნო, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც წაგებით კმაყოფილი იყოსო, ამტკიცებდა დონ ფაბიო. ტასოტის, კოსტაკურტას, ბარეზისა და მალდინის კვარტეტით დაკომპლექტებული “მილანის” დაცვის ხაზი სამართლიანად ითვლებოდა საუკეთესოდ. მათ ზურგს უკან საიმედოდ გრძნობდა თავს სებასტიანო როსი, რომელიც იტალიის საუკეთესო მეკარე ნამდვილად არ იყო. “როსონერის” კარის მისამართით გაგზავნილ ბურთს როსი არცთუ იშვიათად უხერხულად იგერიებდა, მაგრამ მაუროს, ალესანდროს, ფრანკოსა და პაოლოს მიერ შეკრული ოთხეული იმდენად ყურადღებით და სინქრონულად მოქმედებდა, რომ არავის გაუმახვილებია ყურადღება გუნდის ზურგის იოტისოდენა სისუსტეზეც კი. 1991-92 წლების ჩემპიონატი “მილანმა” დაუმარცხებლად განვლო, რითაც რეკორდი დაამყარა, რომელსაც გაუმჯობესება აღარ უწერია.
5 წელი იმუშავა კაპელომ  `სან სიროზე” და ამ ხნის განმავლობაში “მილანი” ოთხჯერ გახდა იტალიის საუკეთესო გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი სამჯერ გავიდა. ამით გაგულისებული ბერლუსკონი ახალ-ახალი ფეხბურთელების ყიდვისას არ წუწურაქობდა და “მილანს” ლამის ორი სრულფასოვანი შემადგელობა ჰყავდა. არაფერი მოასწავებდა ავს, თუმცა, პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს შორის “შავმა კატამ” მაინც გაირბინა. ამბობენ, გუნდიდან ფაბიო კაპელოს წასვლაში მთავარი როლი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ითამაშაო. თავხოტორა ფუნქციონერი საკუთარ თავს უფლებას აძლევდა პრესის ფურცლებიდან მთავარი მწვრთნელი გაეკრიტიკებინა და მისთვის ბრალი მაყურებლისთვის “მოსაწყენ თამაშში” დაედო. როდესაც ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის დრო მოვიდა, კაპელოს ისეთ ხელშეკრულებაზე შესთავაზეს ავტოგრაფის დასმა, რომელიც დონ ფაბიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მაგალითად, ახალი შეთანხმებით თანახმად, კაპელოს ავალდებულებდნენ ყოველწლიურად ან სკუდეტო მოეგო, ანაც ჩემპიონთა ლიგა. სწორედ ამ პუნქტის ინიციატორ-ავტორი გახლდათ გალიანი. დონ ფაბიომ კონტრაქტზე ხელმოწერა.  
ფაბიო კაპელომ, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, მადრიდის “რეალის” იმჟამინდელი პრეზიდენტის ლორენსო სანსის წინადადებას დაჰყაბულდა და 1996 წელს “სამეფო კლუბის” გაძღოლა იკისრა. იმ პერიოდის “რეალი” ძლიერ, მაგრამ გაზულუქებულ ათლეტს მოგვაგონებდა. კაპელომ მოკლე ხანში ფეხბურთელები და მთლიანად გუნდი ტონუსში მოიყვანა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ დონ ფაბიომ წესრიგის დამყარება დაცვიდან, კასტილიელთა საამაყო გუნდის ყველაზე პრობლემური ხაზიდან,  დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა – ერთწლიანი პაუზის შემდეგ “რეალი” კვლავ ჩემპიონი გახდა. პირველობისთვის ბრძოლა მადრიდელებსა და “ბარსელონას” შორის ბოლომდე უშეღავათოდ მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი კასტილიელებმა კატალონიელებს ორი ქულით გაასწრეს. მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში მოძღვრავდა კაპელო “სამეფო კლუბს”, თუმცა, მისი მუშაობის სასიკეთო შედეგი მადრიდელებს მომდევნო სეზონებშიც დაეტყოთ, როცა 1998 და 2000 წლებში გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ კაპელომ მიიყვანა “სანტიაგო ბერნაბეუზე” რობერტო კარლოსი, პრედრაგ მიატოვიჩი, დავორ შუკერი, კლარენს ზეედორფი, რომლებიც გუნდის წამყვან მოთამაშეებად წლების განმავლობაში გვევლინებოდნენ.
ამასობაში კაპელოს გარეშე დარჩენილი “მილანი” “დაჭკნა”, ამიტომაც “როსონერის” ბოსებმა დონ ფაბიოს დაბრუნება გადაწყვიტეს. კაპელო დაუყოვნებლივ დათანხმდა, თუმცა, “სან სიროზე” მისი დაბრუნებით სასიკეთო დიდი არაფერი მომხდარა – მეათე ადგილი მეთერთმეტეს კი სჯობს, მაგრამ “მილანისთვის” მაინც ძალიან ცუდი შედეგია, თანაც, გუნდი ჩემპიონ “იუვენტუსს” 30 ქულით ჩამორჩა. მოგვიანებით კაპელო აღიარებს, რომ 1997-98 სეზონი მის სამწვრთნელო ბიოგრაფიაში ყველაზე ცუდი იყო. მას კარგად ნაცნობ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, თავადაც დაღლილობა იგრძნო და მცირეხნიანი “სამწვრთნელო ტაიმ-აუტის” აღება განიზრახა. ერთადერთი, რაც მას ახარებდა, ეს “რეალის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლდათ. მართალია, “სამეფო კლუბს” რიგით მეშვიდე ევროტრიუმფი გერმანელი იუპ ჰაინკესის ხელში ჰქონდა, მაგრამ ყველა კარგად ხვდებოდა, რომ ამ საქმეში მასზე არანაკლები, თუ მეტი არა, წვლილი სწორედ ფაბიო კაპელოს მიუძღოდა.
დონ ფაბიომ რამდენიმე თვე ტელევიზიაში საფეხბურთო მატჩების კომენტატორად იმუშავა, შემდეგ კი “რომას” პრეზიდენტ ფრანკო სენსის შეთავაზება მიიღო და იმ გუნდს ჩაუდგა სათავეში, რომელშიც ცნობილ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. არადა, “ბარსელონა” კაპელოს უფრო სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი “რომას” იტალიური ფეხბურთის ლიდერად ჩამოყალიბების წადილმა გააკეთებინა. თანაც, 90-იანი წლების მიწურულს ორ რომაულ კლუბს შორის კონკურენცია გამძაფრდა, რაც კაპელოს დამატებით მოტივაციას აძლევდა.
5 წელი გრძელდებოდა ფაბიო კაპელოსა და “რომას” თანამშრომლობა და ეს პერიოდი დედაქალაქის კლუბის ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერია – სკუდეტო და ორი ვიცე-ჩემპიონობა. გუნდი მეტ ტიტულსაც დაისაკუთრებდა, რომ არა კლუბის ფინანსური პრობლემები. “რომას” ვალმა ასტრონიომიულ რიცხვს მიაღწია, სენსის ოჯახი კი მუდმივად იმის ძიებასა და ფიქრში იყო, კლუბი ვისთვის მიეყიდა, ფეხბურთელებს კი თვალი სხვაგან გაქცევისკენ ჰქონდათ...
მარჩელო ლიპის ტურინის “დელე ალპიდან” წასვლის ამბავი არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, სამაგიეროდ, `იუვენტუსის” ბოსები მისი მემკვიდრის თაობაზე არ ავრცელებდნენ არანაირ ცნობას. “ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის კანდიდატთა შორის პრესაში ყველაზე ხშირად დიდიე დეშამისა და ჩეზარე პრანდელის სახელები ჩნდებოდა. რაოდენ დიდი გახლდათ “იუვენტუსის” მრავალმილიონიან გულშემატკივართა არმიის გაოცება, როცა მათ საყვარელ გუნდში ფაბიო კაპელოს მისვლის თაობაზე შეიტყვეს. ყველას კარგად ახსოვდა ათეული წლის წინ მწვრთნელის მიერ მიცემული პირობა, “იუვენტუსს” არასდროს გავწვრთნიო, მაგრამ 2004 წელს დონ ფაბიომ სიტყვა გატეხა. ეს კი “შექმნილ ვითარებას” მიაწერა. ტურინულ გრანდში მისვლისთანავე კაპელომ განაცხადა, ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ არ ვნანობ, “იუვეში” მუშაობა ძალიან ძნელია, გუნდი ხომ მაღალზე გადებულ თამასაზე ქვევით არ ხტება, მაგრამ ეს ამბავი კიდევ მეტ მოტივაციას მძენსო.
მანამდე კი ტურინელთა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება რთულად მიდიოდა. კაპელომ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთა შორის ფაბიო კანავაროსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყიდვა იყო. “იუვეს” პრეზიდენტმა ლუჩანო მოჯიმ დონ ფაბიოს ყველა კაპრიზი აუსრულა, რადგანაც მშვენივრად ესმოდა, ასეთი დონის სპეციალისტის გადაბირებისთვის დათმობაზე მოუწევდა წასვლა. სასურველმა შედეგმა არ დაახანა – “იუვენტუსმა” სკუდეტო დაიბრუნა. თავად კაპელო ამ გამარჯვებას თავის კარიერაში ყველაზე რთულად მიიჩნევს. გუნდმა ხომ მოპოვებული უპირატესობა გაანიავა, რის გამოც, ჩემპიონატის მსვლელობისას, “მილანი” დაეწია. თუმცა, პირველობის შედეგების კომენტარისას დონ ფაბიომ აღიარა, ასეთ ვითარებაში მოგებული ოქრო ჩემთვის უფრო ფასეულიაო. სეზონის მსვლელობისას კი კაპელო თავადაც დარწმუნდა, რა რთული საქმეა `იუვეს” დამრიგებლობა. დამრიგებელსა და ალესანდრო დელ პიეროს შორის ურთიერთობა მუდმივად იძაბებოდა. დონ ფაბიო ალექსს მატჩების მსვლელობისას ხშირად სათადარიგოთა სკამზე სვამდა (ასეთი რამ 17-ჯერ განმეორდა), თუმცა, სეზონის ფინიშის შემდეგ ყველა აღიარებდა, დელ პიერომ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი რომ ჩაატარა. “ბებერმა ქალბატონმა” სკუდეტო მომდევნო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც დაისაკუთრა და ტურინში გუნდის კიდევ ერთ სასახელო ეპოქაზე, კაპელოს ხანაზე ალაპარაკდნენ, თუმცა, “იუვესთვის” მოვლენები ტრაგიკულად გავითარდა – “კალჩოპოლის” სკანდალის გამო “ბებერ ქალბატონს” 2005-06 წლებში მოპოვებული სკუდეტო ჩამოართვეს და სერია B-შიც დააქვეითეს.
ფაბიო კაპელომ კიდევ ერთხელ მიაშურა მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუს” და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ “რეალს” ჩემპიონობა მოაპოვებინა. მოგეხსენებათ, მადრიდში ყოველთვის სათანადოდ აფასებდნენ ” “სამეფო კლუბის” მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, კაპელოსთან ურთიერთობისას კი “იაღლიში” მოუვიდათ – კლუბის ბოსები ჯერ კიდევ ჩემპიონატის დასრულებამდე მიანიშნებდნენ, რომ 2007 წლის ზაფხულიდან გუნდში ახალ მწვრთნელს მიიყვანდნენ, არადა, ეს განცხადებები ლამის გახურებული ჩემპიონატის დროს კეთდებოდა...
შემდეგ იყო ფაბიო კაპელოს ინგლისის ეროვნულ გუნდში მუშაობის ოთხწლიანი არცთუ წარმატებული ციკლი, რომელიც 2012 წლის 8 თებერვალს მოულოდნელად დასრულდა.


გოჩა კაჭარავა
 

0.130686