საკალათბურთო ევროპირველობაზე დღის მატჩების მსგავსად ინტრიგა არც საღამოს შეხვედრებს დააკლდა. გერმანელებმა და ბელგიელებმა გამარჯვებული ხუთწუთიან დამატებით დროში გაარკვიეს, ჩვენ ჯგუფში კი წინასატურნიროდ აუტსაიდერად შერაცხულმა ჩეხეთმა ერთი ქულით პოლონეთს მოუგო.
A ჯგუფი
გერმანია - ბელგია 73:77 დ.დ. (16:14, 10:21, 15:13, 22:15, 10:14)
ბელგიამ გუშინ უკრაინასთან მატჩი მეოთხე მეოთხედში დათმო, დღესაც დასკვნითი პერიოდის დაწყებამდე საფრანგეთის დამმარცხებელ გერმანიას 7 ქულას უგებდა, მაგრამ უპირატესობა ამჯერადაც ვერ შეინარჩუნა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით დროში ბელგიელებმა მობილიზება მოახერხეს და წლევანდელ ევრობასკეტზე პირველი მოგება იზეიმეს.
გერმანია: ბენცინგი (24ქ, 5მ), შაფარჟიკი (15ქ, 7მ), პლაისი (10ქ, 9მ).
ბელგია: მასო (15ქ, 8მ), ტაბუ (15ქ, 6მ, 5პ), ერველი (11ქ, 9მ), ვან როსომი (10ქ), მუკუბუ (10ქ).
B ჯგუფი
სერბეთი - ბოსნია 77:67 (28:16, 17:15, 19:18, 13:18)
წინასაევროპისჩემპიონატოდ გამართულ ტესტ-მატჩში საქართველომ სერბეთის დამარცხება მოახერხა, რაც ჩვენი ნაკრების ძალას კიდევ ერთხელ ადასტურებს. დუშან ივკოვიჩის გუნდი მეტად ძლიერი რომაა, 4 და 5 სექტემბერს დაამტკიცა. სერბებმა დამაჯერებლად ჯერ ლიტვას მოუგეს, დღეს კი მეზობელ ბოსნიასთან ურთიერთობა დასკვნითი პერიოდის წინ უკვე გარკვეული ჰქონდათ. ეს ჯგუფი ყველაზე თანაბარი და რთულია, სერბებმა კი 2 სასტარტო მოგებით მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წონადი განაცხადი გააკეთეს.
სერბეთი: მარკოვიჩი (15ქ, 7მ, 3პ), კატიჩი (12ქ), ნედოვიჩი (11ქ, 6პ), კრსტიჩი (10ქ).
ბოსნია: დედოვიჩი (17ქ, 7მ), ტელეტოვიჩი (16ქ, 5მ), კიკანოვიჩი (13ქ, 6მ), პერშიჩი (10ქ).
C ჯგუფი
პოლონეთი - ჩეხეთი 68:69 (25:12, 13:22, 11:16, 19:19)
საქართველოსთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ პოლონელებმა ჩეხებთან თავდაპირველად საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში საყაიმო გახლდათ.დასკვნით მეოთხედში პოლონეთი კვლავ წინ გაიჭრა 66:58, ჩეხებმა მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ბოლო წუთის განმავლობაში ვეტერანმა ლუბოშ ბარტონმა 2 სამქულიანი ჩააგდო (ბოლო საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე) და დიდწილად განაპირობა თავისი გუნდის პირველი მოგება. პოლონელებმა კი მარცხი უპირველესად საკუთარ თავს უნდა დააბრალონ – დირკ ბაუერმანის გაწვრთნილმა მოთამაშეებმა ბურთი 16-ჯერ დაკარგეს.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩეხებმა ევროპის პირველობაზე გამარჯვება 14 წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმეს.
პოლონეთი: იგნერსკი (17ქ), ლამპე (14ქ, 7მ), კელატი (10ქ, 6მ).
ჩეხეთი: ვესელი (23ქ, 14მ), სატორანსკი (10ქ), ბარტონი (10ქ).
D ჯგუფი
იტალია - თურქეთი 90:75 (22:19, 22:15, 30:23, 16:18)
სტარტზე მოპოვებული 2 მოგების მიუხედავად იტალიელთა უკანახაზელი მარკო ბელინელი აცხადებს, რომ “სკუადრა აძურას” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წინ 3 რთული მატჩი ელის. თურქებთან ასპარეზობის ბედი კი მესამე პერიოდში საბოლოოდ გაირკვა – აპენინელებმა 17 ქულიანი ჰანდიკაპი მიიღეს და ამ უპირატესობას ხელიდან რომ არ გაუშვებდნენ, ცხადი იყო.
გუშინ რუსეთთან მოგებულ შეხვედრაში ლუიჯი დატომემ 25 ქულა გააკეთა, დღეს იგი თურქებს 31 წუთის განმავლობაში დაუპირისპირდა, თუმცა პარკეტი უქულოდ დატოვა.
იტალია: არადორი (23ქ), ჯენტილე (20ქ), ბელინელი (17ქ), მელი (14ქ, 10მ)
თურქეთი: აშიკი (12ქ), თურქოღლუ (12ქ), ილიასოვა (11ქ, 6მ), ჩეტინი (11მ).
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma