ჭიდაობა

19:35 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოძმანაშვილის უქმეები იაკუტსკში - ოქროს დუბლი და ოქროს დებიუტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5-6 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ იაკუტსკში, დიმიტრი კორიკინის სახელობის მე-6 საერთაშორისო ტურნირზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. ქართული გუნდი რუსეთში ლიდერების გარეშე და არასრული შემადგენლობით ჩავიდა – 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში სატურნირო ბადე ჩვენებურის გარეშე შეივსო. სამაგიეროდ, მძიმე წონაში ორი ქართველი ჩაერთო საქმეში - დავით მოძმანაშვილმა და თორნიკე ხიდეშელმა ბადის სხვადასხვა მხარეს ყველა მეტოქეს აჯობეს და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მოძმანაშვილმა წინასწარი ეტაპი სომეხი ჰამლეტ აბრაჰამიანის ძლევით (6-0) გახსნა, შემდეგ რუსეთის რეგიონალური ნაკრებების წევრები ედუარდ კოდალაევი (7-0), და უვარომ ტიმოფეევი (3:1) ჩამოიშორა, ნახევარფინალში კი ირანელ გომი ავილს სუფთად მოუგო.

ხიდეშელმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ამერიკელ მეთიუ მიულენერსს (7-0), სლოვაკეთის სახელით მოჭიდავე სოსლან გაგლოევსა (11-3) და ირანელ ჰაშაიარ დეჰეშტანს (6:5) აჯობა.

ქართულ ფინალში ქულები მხოლოდ დავით მოძმანაშვილმა აიღო – 8:0.

96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძემ მესამე ადგილი დაიკავა. რუმინელი ვასილ გარასისა (9-1) და ამერიკელი ჯეკ ჯენსენის (7-0) ძლევის შემდეგ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა ინგუშეთის გუნდის წევრ შამილ ახმედოვთან (1-3). რეპეშაჟის ფინალში კი ყაბარდოელ მარატ შოგენოვს შანსი არ დაუტოვა (8-0).

მოძმანაშვილის, ხიდეშელისა და ოდიკაძის გარდა რუსულ ტურნირში კოტე ხუციშვილი (55 კგ), ტრისტან ჩირგაძე (60 კგ), გიორგი მარსაგიშვილი (74 კგ) და ოთარ ურატაძეც (84 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.

თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენის შემდეგ იაკუტსკში ეროვნულ ჭიდაობა ხაპსაგაის ტრადიციული ტურნირი გაიმართა და აბსოლუტურ წონაში 30 მონაწილეს შორის ყველას დავით მოძმანაშვილმა აჯობა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში მასპინძელთა ჯილას ბალდან ციჟიპოვს სძლია.

ხაპსაგაის წესები მარტივია. გამარჯვების მოსაპოვებლად მეტოქე უნდა აიძულო, ხალიჩას სხეულის მესამე წერტილით შეეხოს ან ის სამჯერ უნდა გაიყვანო ხალიჩის გარეთ.

 

0.120785