ერთი წლის წინ, მოსკოვში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საჭიდაო სამყარომ პირველ კაცად სერბი ნენად ლალოვიჩი აირჩია. ყოფილი პრეზიდენტი - შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი კი სხდომაზე საპატიო სტუმრადაც არ მიიწვიეს. კარგად მახსოვს ხმის უფლების მქონე მავანი დელეგატის სიტყვები, რომ კორუმპირებული ეპოქა დასრულდა, ჭიდაობა როგორც იქნა სწორ გზას დაადგა და ამ სახეობის მოყვარულებს შვებით ამოსუნთქვის დრო დაუდგათ.
იმ პატივცემულს შეიძლება ღიად სხვა დელეგატებიც დასთანხმებოდნენ, მაგრამ ვეჭვობ, ეს ოპტიმიზმი მათ რეალურ შეხედულებას კი არ გამოხატავდა, უბრალოდ საქმეს სჭირდებოდა ასე.
ისეთებიც ბევრნი იყვნენ, ვინც ალალად ფიქრობდა, რომ სინამდვილეში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლებოდა. მართალია ღიად ამ აზრის გამოთქმას ყველამ თავი აარიდა, მაგრამ რეალობასთან მათი შეხედულება რომ გაცილებით ახლოს იყო, შარშან გაზაფხულზევე დადასტურდა. თუნდაც თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც უამრავი სიბინძურე თვალნათლივ გამოჩნდა. ქართული გადასახედიდან რომ მივუდგეთ, ეჭვის საფუძვლად თუნდაც მარტო საქართველოს ნაკრების წევრების შეხვედრებისას მსაჯებისგან და მსაჯთა ზემდგომებისგან მიღებული აშკარად გაუმართლებელი გადაწყვეტილებებიც გამოდგება.
იმ პერიოდში ჭიდაობის ზემდგომებსაც და კრიტიკოსებსაც ერთადერთი სანერვიულო ჰქონდათ – როგორმე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაერწმუნებინათ, რომ ძველი ცუდი დრო კორუმპირებულ ხელმძღვანელობასთან ერთად წარსულს ჩაბარდა და რომ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სანახაობრივი მხარეც დღითიდღე უმჯობესდებოდა. ცხადია, ორივე მხარემ მშვენივრად უწყოდა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო, მაგრამ საერთო საქმეს ასე სჭირდებოდა – სახეობა კბილებით უნდა გაეტანათ.
თბილისური ევროპირველობიდან რამდენიმე თვეში ყველამ შვებით ამოისუნთქა – ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობები სპორტის ოლიმპიური სახეობების სიიდან ამოწერას გადაურჩა. ქართველებსაც გვიხარია, ოლიმპიადებზე წარმატებით გამოსვლის შანსი შევინარჩუნეთ, მაგრამ დროდადრო ბოღმა მოგვაწვება და ამოვიოხრებთ, რომ ამ ბინძურ სახეობას ოლიმპიადაზე არაფერი ესაქმება. ეს მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენს მოჭიდავეებს საერთაშორისო არენაზე ჩაგრავენ. ან როდესაც ქართველების ხალიჩაზე გასვლამდე ორი უცხოელის აბსოლუტურად უღიმღამო შეხვედრის ყურება გვიწევს. ასეთი მომენტები კი სამწუხაროდ ხშირია და რაც მთავარია, რეგულარულად ხდება.
უსამართლობა გრძელდება და გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენის პატარა იმედიც კი არ არსებობს.
P.S. არ გვინდა ჭიდაობაში არსებული სიბინძურისა და ამჟამად მოქმედი უაზრო წესების კრიტიკით ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებების მოკრძალებული შედეგით გამოსვლა გადავფაროთ. უბრალოდ, ეს ის პრობლემებია, რომლებმაც ისედაც არაოპტიმალურ ფორმაში მყოფ ქართველ სპორტსმენებს წარმატებისკენ მიმავალი რთული გზა, კიდევ უფრო რომ გაურთულა.