საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დიდი სტუმრიანობაა. გუშინ თბილისში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატები ჩამოვიდნენ. ფილას ბიუროს უნგრელი წევრები: ჩაბა ჰეკედუში და ლასლო მოლნარი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოს 2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებს დეტალურად შეისწავლიან და ოფიციალურ დასკვნას მოამზადებენ, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ დღეებში, ანალოგიური მისიით, თბილისს ბიუროს კიდევ ერთი წევრი, სომეხი სტეფან კაზარიანიც ეწვევა. იგი მეორე ქართული განაცხადის გამოა მოვლენილი. პლაჟის ჭიდაობის მომავალ წელს ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ, ბათუმის ვარიანტი განიხილება.
“ჩვენს გარდა, რუმინეთისა და ეგვიპტის ფედერაციებმაც გამოთქვეს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი. ვერ გეტყვით, დაათვალიერეს თუ არა ბიუროს წევრებმა ბუქარესტი და ქაირო. ალბათ, ამის შესახებ თავად სტუმრები გვეტყვიან. უახლოეს ორ დღეში, მათ საორგანიზაციო კუთხით ყველა ნიუანსის შესახებ მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. ჩემპიონატის მასპინძელ სპორტის სასახლესაც დავათვალიერებინებთ და სასტუმროებსაც. ფილა საბოლოო გადაწყვეტილებას წლის მეორე ნახევარში გაახმაურებს. თბილისში მაღალი რანგის ტურნირის ჩატარება, მარტო ჩვენი ფედერაციის სურვილიც არ ყოფილა. შარშანდელი ევროპის ახალგაზრდული პირველობის ორგანიზებით, ფილას ხელმძღვანელობა იმდენად კმაყოფილი დარჩა, თავად შემოგვთავაზეს, მომავალშიც სიამოვნებით გესტუმრებოდითო. მაშინვე მოვილაპარაკეთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობისთვის გავაკეთებდით განაცხადს. ვფიქრობ, საბოლოო არჩევანს საქართველოზე შეაჩერებენ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
ოთარ მაღლაკელიძე