შოთა ჩოჩიშვილის ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. დღეს მედლები ბოლო სამ წონით კატეგორიაში - 84, 96 და 120 კილოგრამში გათამაშდა.
84 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული თბილისის სახელით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ მოიპოვა. ფინალში მან 18 წლის ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა. 96 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 18 წლის თბილისელი სანდრო დიხამინჯია ავიდა, გადამწყვეტი გამარჯვება მან ასევე თბილისელ სოლომონ გიკაშვილთან მოიპოვა. მძიმე წონაში ერთმანეთს აჭარელი გურამ ფერსელიძე და ოზურგეთელი რევაზ ჭელიძე დაუპირისპირდნენ, სამ პერიოდიან დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებული ფერსელიძე დარჩა.
გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი თბილისმა დაიკავა, მეორეზე აჭარა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ქუთაისს ხვდა წილად.
ოთარ მაღლაკელიძე