ჭიდაობა

19:32 | 23.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა ოლიმპიურ შანსებზე ოლიმპიურში ისაუბრეს

ახლახანს, სტამბოლში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გამოსვლა დღეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალ ოფისში შეჯამდა. ჟურნალისტებისთვის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას კლასიკოსთაგან ერთადერთი მედალოსანი - ვერცხლის პრიზიორი მანუჩარ ცხადაია (66 კგ), ხოლო თავისუფალთაგან, 3 ბრინჯაოსანიდან მხოლოდ ერთი - დავით ხუციშვილი (74 კგ) და ერთიც მეხუთეადგილოსანი მალხაზ ზარქუა (60 კგ) დაესწრნენ.
“ამ ტიპის პრესკონფერენციას ახალ ოფისში პირველად ვატარებთ და სასიამოვნოა, რომ გარკვეულ წარმატებაზე გვიწევს საუბარი. ჩვენს ოლიმპიურ ლიცენზიანტებს: ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძესა და მშვილდოსან ქრისტინე ესებუას, 5 მოჭიდავეც დაემატა. აქედან 4 თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია და პირველყოვლისა, სწორედ ამ ნაკრების სტამბოლური გამოსვლა მინდა შევაჯამო.
ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ამ შეფასების გაკეთებისას მხოლოდ მედლებისა და ლიცენზიების მოპოვებას არ ვგულისხმობ. ზოგადად, გუნდი ძალიან კარგად გამოვიდა და რაც მთავარია, აშკარად გამოჩნდა პოტენციალი. 3 წონაღა დარჩა, რომელშიც ლიცენზია არ გვაქვს და მჯერა, იქაც მივაღწევთ საწადელს. უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე კი ჩემი აზრით, ამ ნაკრების 4-5 წევრს რეალურად ძალუძს უმაღლესი შედეგისთვის ბრძოლა.
უკეთეს გამოსვლას ველოდი კლასიკოსთაგან. გაგიმხელთ, ამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ორივე სტილისგან ერთად 8 ლიცენზიას ვგეგმავდით. თავისუფლებმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს, ბერძენ-რომაელებმა – ვერა. ალბათ, ლიცენზიათა სრული პაკეტის მოპოვება გაუჭირდებათ, თუმცა მჯერა, ამისათვის თავს არ დაზოგავენ.
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე 10 თვეღა რჩება. ლიცენზიანტებს უკვე შეუძლიათ მთლიანად მის სამზადისზე გადაერთონ, თუმც, ამავდროულად, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყვნენ, რათა შიდა კონკურენციაში თავიანთი პოზიციები შეინარჩუნონ. ულიცენზიოებს კი წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა და ვიდრე სიტყვას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გადასცემდა, ცხადაიას, ზარქუასა და ხუციშვილს საპრესკონფერენციო დარბაზის კედელზე გაკრულ ლიცენზიანტთა სიაში თავიანთი გვარ-სახელების ჩასაწერად უხმო. დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) კი ამ პროცედურას უახლოეს დღეებში გაივლიან.
კახა გეწაძემ აღნიშნა, რომ თუ სასწაული არ მოხდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შვიდივე წონით კატეგორიაში მოიპოვებს ლონდონის საგზურს, ბერძენ-რომაელთაგანაც მაქსიმუმს ელის, თუმცა იქვე დასძინა, რომ კლასიკოსებში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა და პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. რაც შეეხება ოლიმპიურ შანსებს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა პეკინის ოლიმპიადაზე მოგებული 2 ოქროს მედალი გაიხსენა და მოჭიდავეებს მიმართა, მაქსიმალურად ეცადეთ, ეს თამასა დაბლა რომ არ დავწიოთო.
თავისუფალთ თავკაცმა ზაზა თურმანიძემ სალიცენზიო შანსებზე უფრო დაწვრილებით ისაუბრა:
“თითოეულ წონით კატეგორიაში ევროპელთათვის გამოყოფილი ქვოტიდან შვიდ-შვიდი ლიცენზიაღა დარჩა გასათამაშებელი. პირველ სალიცენზიო ტურნირს ბულგარეთი უმასპინძლებს და საწადელს 2 საუკეთესო მოჭიდავე მიაღწევს. მეორე ტურნირზე, პეკინში, წონაში 3 გამორჩეული მიიღებს ლონდონის საგზურს, ბოლოს კი, ფინეთში, ისევ ორ-ორი ლიცენზია გათამაშდება შვიდივე წონაში. მაქსიმალურად ვეცდებით, ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით გავემგზავროთ. რაც შეეხება გასულ მსოფლიოს პირველობას, საერთო შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაცილებით უკეთესად გამოსვლაც შეგვეძლო და ამაში ხელი პირველყოვლისა ცუდმა მსაჯობამ შეგვიშალა. რომ არა ეს წინაღობა, უკეთესი სინჯის მედლებსაც მოვიპოვებდით და ოთხზე მეტ ლიცენზიასაც”, – განაცხადა თურმანიძემ.

ოთარ მაღლაკელიძე
კახა ბერიძის ფოტო

 

0.120376