ჭიდაობა

11:40 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა მსოფლიოს სიები ჩამოწერეს

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა რევაზ მინდორაშვილმა და ბეგი დარჩიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობები დაასახელეს. სეზონის მთავარ შეჯიბრებას 8-14 სექტემბერს ტაშკენტი უმასპინძლებს. თავისუფალში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები საწყის ორ დღეში გამოვლინდებიან, შემდეგ ხალიჩები მოჭიდავე ქალებს დაეთმობათ, წერტილს კი ბერძენ-რომაელები დასვამენ – 12-14 სექტემბერს.

მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებაზე ორივე ნაკრები ბორჯომში ჩავიდა. ტაშკენტში წამსვლელთა გვარ-სახელები კი მწვრთნელებმა ამ დღეებში ჩატარებული საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გამოაცხადეს. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია ორივემ გაითვალისწინა და არჩევანი ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის მომგებ მოჭიდავეებზე გააკეთა.

რევაზ მინდორაშვილმა რვა წონითი კატეგორიიდან ექვსში შეიყვანა განაცხადში შიდა კონკურენციის გამარჯვებულები: ბექა ლომთაძე, მალხაზ ზარქუა, ალექსანდრე ჯაჭვაძე, ჯუმბერ ყველაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და გიორგი საკანდელიძე. ორ წონაში კი მწვრთნელმა უპირატესობა ნაკრების გამოცდილ წევრებს: ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ასევე ევროპის 2-გზის ჩემპიონ დავით მარსაგიშვილს მიანიჭა.

ხინჩეგაშვილის მსოფლიოს განაცხადში შეყვანა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყვიტა და სეზონის უმთავრესი ტურნირისთვის ინდივიდუალური პროგრამით მოამზადეს.

მარსაგიშვილი კი შიდა კონკურენციაში მოულოდნელად, უმედლოდ დარჩა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, წონის ლიდერობა მაინც მას მიანდეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ტაშკენტში ხუთშაბათს გაემგზავრებიან.

ბეგი დარჩიამ შვიდი წონა მიანდო საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს და მხოლოდ 71 კილოგრამში შეცვალა გიორგი ჯავახია ვერცხლის პრიზიორი მინდია წულუკიძით.

ორივე ნაკრების შემადგენლობას აქვე გთავაზობთ: 

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

57 კგ – ოთარ გოგავა

61 კგ – ბექა ლომთაძე

65 კგ – მალხაზ ზარქუა

70 კგ – ალექსანდრე ჯაჭვაძე

74 კგ – ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ – გიორგი ჩხარტიშვილი

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ – გიორგი საკანდელიძე

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

59 კგ – გოდერძი დავითაძე

66 კგ – რევაზ ლაშხი

71 კგ – მინდია წულუკიძე

75 კგ – ზურაბ დათუნაშვილი

80 კგ – გიორგი ცირეკიძე

85 კგ – ვლადიმერ გეგეშიძე

98 კგ – ვასილ იმერლიშვილი

130 კგ – იაკობ ქაჯაია

0.131665