ჭიდაობა

17:04 | 14.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა ევროპა თბილისში გაამჟღავნეს

ჭიდაობაში ევროპის მომავალ ჩემპიონატს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ინფორმაცია საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე გაავრცელა.
“ეს ევროპირველობის მასპინძლის დროშაა, რომელიც ბელგრადში, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადმოგვეცა. სასიამოვნოა, რომ ფილას წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და უდიდესი ნდობა გამოგვიცხადეს. ამ რანგის შეჯიბრების მასპინძლობა ჩვენთვის უდიდესი პატივია. საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა აქედანვე აქტიურად უნდა დავიწყოთ და ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ”, – განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი ევროპირველობა საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყანაში ჭიდაობის უფრო მეტად განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სტიმული იქნება. ჭიდაობის ფედერაციას კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
გეწაძემ და ვარძელაშვილმა კომენტარი ქართველი მოჭიდავეების ბელგრადულ გამოსვლაზეც გააკეთეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შედეგი (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) წარმატებად შეფასდა, თუმცა ერთხმად აღინიშნა, რომ უფრო შედეგიანად გამოსვლაც შეიძლებოდა. ბერძენ-რომაელებზე (1 ვერცხლი) კი ითქვა, რომ მოკრძალებული შედეგი მნიშვნელოვანწილად ექსპერიმენტალური შემადგენლობის დაყენებამ განაპირობა.
ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, საქართველოს ნაკრების წევრები და ტიტულოვანი ვეტერანი მოჭიდავეები დაესწრნენ.

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.18543