ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები სპორტის სამინისტროს ესტუმრნენ და მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს შეხვდნენ. 21-26 ივნისს, სერბეთის ქალაქ ზრენიანინში გამართული ევროპირველობა მინისტრთან ერთად ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ შეაჯამა.
„თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ერთად 10 მედალი მოიპოვეს, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. განსაკუთრებით წარმატებულად თავისუფლები გამოვიდნენ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მარსაგიშვილი ამ ასაკობრივ ჯგუფში ჭიდაობას წლეულს ამთავრებენ და სასიხარულოა, რომ თავიანთი წონების ლიდერები არიან. მჯერა, ძირითად ნაკრებებშიც ასევე წარმატებულად გააგრძელებენ. მხარდაჭერისთვის მადლობა თითოეულ მოჭიდავეს და ნაკრების მწვრთნელებს, ასევე სპორტის სამინისტროს”, – განაცხადა გეწაძემ.
სპორტის მინისტრმა თავის მხრივ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას გადაუხადა მადლობა წარმატებული მუშაობისთვის, თუმცა იქამდე, ვარძელაშვილმა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელების პროფესიონალიზმი აღნიშნა. მოჭიდავეებს კი ერთხელაც შეახსენა, რომ წარმატება წლის ბოლოს პრემიალური თანხებით დაუფასდებათ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ბექა პეტრიაშვილი (74 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ), თედორე ებანოიძე (96 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) ბრინჯაოებს დასჯერდნენ. ნუგზარ სხირელის გუნდმა 63 ქულა დააგროვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებთან გაინაწილა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გუნდური მე-3 ადგილი დაიკავეს. ნიკა ცეცხლაძე (50 კგ) და საჩინო დავითაია (60 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ) და სანდრო დიხამინჯიამ (96 კგ) კი ევროპის ჩემპიონატი მესამე ადგილით ჩაამთავრეს.
ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო