ჭიდაობა

15:02 | 16.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა ჭირ-ვარამი ოლიმპიურ კომიტეტს გაუზიარეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ხელმძღვანელობამ მორიგი შეხვედრა ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებთანა და მწვრთნელებთან გამართა, მთავარი თემა კი ლონდონის ოლიმპიური თამაშების მზადების თვალსაზრისით, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების განხილვა იყო.
თავდაპირველად, სიტყვა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდის მთავარ მწვრთნელ ზაზა თურმანიძეს მიეცა, რომელმაც შემდეგი განაცხადა: “ნაკრებში ახალგაზრდა ფალავნები გამოჩნდნენ, რამაც ნაკრებში კონკურენცია საგრძნობლად გაზარდა, ეს კი მხოლოდ სასიკეთოდ წაგვადგება.
წელს კონტინენტის პირველობაზე 2 ბრინჯაო და ერთი ვერცხლი მოვიპოვეთ, ხოლო მსოფლიოზე ბრინჯაოს მედლით დავკმაყოფილდით. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ და გიორგი გოგშელიძის მიმართაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. მას ნამდვილად შეეძლო მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო”.
თურმანიძისვე თქმით, პეკინის თამაშების ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილს (84 კგ.) პოტენციალი ჯერ არ ამოუწურავს. მთავარია, მან ვარჯიში და ტურნირებში ასპარეზობა ძველებური შემართებით გააგრძელოს.
მწვრთნელის განცხადებით, მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ 3 მედლის მოპოვება იგეგმება, რაც შეეხება მსოფლიოს პირველობას, აქ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება კი ყველა წონაში იგეგმება.
საუბარი შეეხო გიორგი გოგშელიძის ბინით უზრუნველყოფის საკითხსაც, რასაც საშველი არა და არ დაადგა, გორში კი ნორმალური სავარჯიშო პირობები არ არის.
ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძისა და გოგშელიძის პირადი მწვრთნელის ნუგზარ სხიერელის თქმით, ეს პრობლემა აუცილებლად უმოკლეს ვადაში უნდა გადაიჭრას, რადგან შექმნილი სიტუაცია სპორტსმენზე ფსიქოლოგიურად უარყოფითად მოქმედებს.
გეწაძემ ისიც აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებელია ნაკრების მეორე ნომრებსა და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებს ხელფასები დაენიშნოთ, რადგან უფრო მოტივირებულნი იყვნენ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მთავარი მწვრთნელის ბეგი დარჩიას თქმით, მანუჩარ ცხადაია უდავოდ ვარსკვლავია, რაც მან წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაამტკიცა. იგი ლონდონის ოლიმპიადაზე აუცილებლად მედლისთვის იბრძოლებს. მსუბუქ წონაში ძალზედ პერსპექტიული სპორტსმენი გამოჩნდა მინდია წულიკიძის სახითაც.
სამწუხაროდ, დავით ბედინაძე (60 კგ), რომელსაც დიდი ტალანტი გააჩნია, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, უკვე წელიწადია, ნაკრებში ვეღარ ხვდება, მისი ადგილი კი ასევე ნიჭიერმა ფალავანმა რევაზ ლაშხმა დაიკავა.
გარკვეული პერიოდია, არ ვარჯიშობენ გუნდის სხვა ლიდერები – მანუჩარ კვირკველია და რამაზ ნოზაძეც. დარჩიას განცხადებით, სასურველი იქნება თუ გაისად საქართველოს პირველობაზე, ასევე ბალავაძისა და კარტოზიას საერთაშორისო ტურნირებზე ყველა ფალავანი იჭიდავებს.
“აუცილებელია ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, რათა მომავალში ნაკრებში თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ მოხდეს”, - აღნიშმა მან. “კლასიკოსთა” მწვრთნელის აზრით, მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედლისთვის და მათ შორის ოქროსთვისაც ბრძოლა, სავსებით რეალურია.
შეხვედრის მიწურულს 2010 წელს სინგაპურში გასამართ პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზეც ისაუბრეს, სადაც საქართველოს, როგორც თავისუფალ, ისე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორ-ორი ათლეტის გამოყვანის უფლება ექნება. მომავალი ტურნირის ლიცენზიები, გაისად, მაისში პოლონეთში გათამაშდება.

0.124483