ჭიდაობა

9:47 | 1.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა აზერბაიჯანული პრობლემა თურქულად მოაგვარეს

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასაკობრივ ნაკრებებს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდათ. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებთან შეთანხმებით, 14-16 მაისს ანკარაში ჩასატარებელ ახალგაზრდულ და 4-6 ივნისს კუშადასში გასამართ ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირებზე, გაფართოვებული შემადგენლობებით გამოსვლა გადაწყვიტა. წინასწარი გეგმით, თურქეთში მარტო წონითი კატეგორიების ლიდერებს უნდა ეჭიდავათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ასაკობრივ გუნდებს აზერბაიჯანული ვარიანტი ჩაეშალათ, კანდიდატებს ახალი შანსი მიეცათ.
გასულ კვირას, ჭაბუკები და ახალგაზრდები ბაქოში, ფედერაციის თასზე უნდა გამოსულიყვნენ. უკვე ყველა ტექნიკური დეტალი მოგვარებული იყო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებს აზერბაიჯანელი კოლეგები შეეხმიანენ და მიწვევა ბოდიშის მოხდით გააუქმეს.
“ბაქოში ოთხივე გუნდი გაფართოვებული შემადგენლობით უნდა გამოსულიყო. ყველა საორგანიზაციო ნიუანსი დაზუსტებული გვქონდა, როდესაც მოულოდნელად, მასპინლებმა შეგვატყობინეს, რომ ჩვენს ჩასვლას აზრი აღარ ჰქონდა. მიზეზად, ვულკანური ღრუბლების გამო გაუქმებული ავიარეისები დასახელდა, აქაოდა, ძალიან ბევრი ნაკრები ბაქოში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს და გადავწყვიტეთ, ამჯერად მთლიანად შიდა კონკურენციაზე გადავერთოთო. ისღა დაგვრჩენოდა, ალტერნატიულ ვარიანტებზე დავფიქრებულიყავით და ყველაზე ლოგიკური გამოსავალი მოვძებნეთ. მაის-ივნისში, თურქეთში ოთხივე ნაკრები გაფართოვებული შემადგენლობით იჭიდავებს”, – უთხრა “სპორტულ ამბებს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
ანკარას ტურნირამდე, ახალგაზრდული ნაკრებები თითო შეკრებას გაივლიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა, გასულ კვირასვე იახლა შეგირდები ვარიანში მდებარე სპორტულ ბაზაზე. ბერძენ-რომაელები კი, ვლადიმერ ადეიშვილის თავკაცობით, უახლოეს დღეებში დუშეთში დაბანაკდებიან. დუშეთშივე გაივლიან შეკრებას ჭაბუკებიც – 3-18 მაისს. კუშადასამდე, თამაზ ბენდიანიშვილისა (თავისუფალი) და ვაჟა კრავეიშვილის (ბერძნულ-რომაული) გუნდები პოლონეთის ქალაქ პოზნანში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობას და ბათუმური შეკრების გავლასაც მოასწრებენ. პოლონურ ხალიჩაზე ბავშვთა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება და წინასწარი ინფორმაციით, ქართველები, ორივე სტილში, მხოლოდ ორ-ორი საგზურისთვის იბრძოლებენ. წონითი კატეგორიებიც კი აქედანვეა დაზუსტებული. თავისუფალი სტილის მიმდევრები პოზნანში ლიცენზიის მოსაპოვებლად 45, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში იბრძოლებენ, ხოლო ბერძენ-რომაელები – 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამებში.
ახალგაზრდული ევროპირველობა, წლეულს, 29 ივნისიდან 4 ივლისამდე ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გაიმართება, მსოფლიოს ჩემპიონატს, 20-25 ივლისს ბუდაპეშტი უმასპინძლებს. ჭაბუკებს შორის კი, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, 3-8 აგვისტოს, სარაევოში.

ოთარ მაღლაკელიძე



 

0.079324