საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ შიდა კალენდარში ეროვნული ჩემპიონატის თარიღი მონიშნა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორები 27-28 ნოემბერს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გამოვლინდებიან. ბერძენ-რომაელებს კი იგივე ხალიჩა 24-25 დეკემბერს დაეთმობათ.
“საჭიდაო წესებში მოსალოდნელი ცვლილებები რომ დადასტურებულიყო, მაშინ საქართველოს პირველობის შედარებით გვიან ჩატარება მოგვიწევდა, მაგრამ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გვაუწყა, რომ სიახლეებზე არ მუშაობს და ჩვენც წინასწარი გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მომავალი სეზონისთვის მზადებას ტრადიციულად, წლის ბოლოს შევუდგებით”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
მიმდინარე სეზონში ქართულ გეგმაში ორ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლაც რჩება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 9-11 ნოემბერს მოსკოვში, ევროპის ერთა თასზე იჭიდავებს, ხოლო ბერძენ-რომაელები 16-18 ნოემბერს, ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის თასზე გამოვლენ.
ოთარ მაღლაკელიძე