ბლოგი

10:08 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიზნიდან მიზნამდე

საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სპორტსმენები მატერიალური და არამხოლოდ მატერიალური დაინტერესების გამო, სხვა ქევყნის დროშის ქვეშ გამოსვლას ამჯობინებენ. ჩემი აზრით, ყოვლად აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი წასულ სპორტსმენები პატრიოტიზმის ნაკლებობის გამო გავაკრიტიკოთ. ეს გარდა იმისა, რომ არანაირ ღირებულ შედეგს არ მოგვიტანს, სრულიად უაზროდ გავანაწყენებთ იმ სპორტსმენებს, რომლებმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაყინულ სპორტ-დარბაზებში კანკალს, უცხოეთში შეუდარებლად ნორმალურ პირობებში ვარჯიში არჩიეს და მაღალ შედეგებსაც მიაღწიეს.   

 ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4.3 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს რაოდენობა ერთი შეხედვით სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყნისათვის პრიორიტეტულ სახეობებში მაინც გვყავდეს საკმაო რაოდენობის მაღალი კლასის სპორტსმენი, თუმცა ერთია რიცხვობრივი მონაცემები და მეორეა რეალობა. რეალობა კი ასეთია:

 ათასი სოციალური პრობლემისა და რუსული ოკუპაციის მიუხედავად, ძირითადად უცხოური დახმარებების წყალობით, საქართველოს ბიუჯეტი განუხრელად იზრდებოდა, ხოლო რომელ სფეროაც ეს ყველაზე ნაკლებად ემჩნევა, დამეთანხმებით, რომ ქართული სპორტია. უნამუსობა იქნება იმის არაღნიშვნა, რომ ბოლო წლების მანძილზე, სახელმწიფოსა და ბიზნესმენების მიერ არაერთ სპორტულ ფედერაციას გაეწია დახმარება, მაგრამ თუკი თუნდაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის სპორტული ფედერაციების დაფინანსების ხარისხს გადახედავთ და ჩვენსას შეადარებთ, ძალიან ადვილად დაინახავთ, რომ ამ მხრივ აზერბაიჯანამდეც კი ბევრი გვიკლია. 

 არ ვიკამათოთ იმაზე, რომ საქართველოს იგივე აზერბაიჯანზე ბევრი პრობლემები აქვს და მათგან განსხვავებით ღმერთმა არც “ყოვლისშემძლე” ნავთობი მოგვამადლა, მაგრამ თუკი მუდმივად წუწუნსა და ხელების შლაში ვიქნებით, კარგი სპორტული შედეგები ციდან ნამდვილად არ ჩამოგვიცვივდება. ესეც არ იყოს, ვერც მარადიულად უცხოეთიდან შემოსული დახმარების იმედზე ვიქნებით და ერთ მზიან, მაგრამ არცთუ მშვენიერ დღეს, სხვადასხვა სახეობათა ფედერაციები შეიძლება დადგნენ ისეთი რეალობიც წინაშე, როდესაც თანხების მოსაზიდად ბრძოლა ძალიან დაგვიანებული იქნება.

 მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, ჩემი აზრით საქართველოსათვის საუკეთესო იქნება ისეთ რეფორმებზე დაფიქრება, როგორიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე განახორციელეს. ჩვენ პროგრესის “გაქანებულ მატარებელს” მართალია მთელი 20 წლით ჩამოვრჩით, მაგრამ დავიანებულ “მგზავრსაც” აქვს გარკვეული პერსპექტივები. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რა რეფორმები გატარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში:

 1.საბჭოეთის დაშლისთანავე დაიწყო სპორტული ობიექტების პრივატიზაცია, მაგრამ ჩადებული იყო ის პირობა, რომ ობიექტების შემძენი ბიზნესმენი დაწესებულებას პროფილს არ შეუცვლიდა. 2. სპორტს სასწრაფოდ ჩამოაშორეს ის ადამიანები, რომელებიც კორუფციულ და ზოგადად უკანონო სისტემაში იყვნენ გარეულნი. 3. პერსპექტიული სპორტსმენების დასაფინანსებლად გაიხსნა სპეციალური ფონდი, რამაც ახალგაზრდა პერსპექტიული, მაგრამ უფულო სპორტსმენების უცხოეთში მიგრაცია საგრძობლად შეამცირა. 4. სახელმწიფო ჩინოვნიკებს სპორტული ფედერაციების და კლუბების მუშაობაში ჩარევა კანონის ძალით აეკრძალათ.

 ბევრი იტყვის, ეს ყველაფერი სათქმელად ძალიან ადვილია, შესასრულებლად კი ძნელი არისო, მაგრამ როდესაც ნორმალური ადამიანი უყურებს როგორ გარბიან ჩვენი სპორტსმენები სხვადასხვა, ქვეყანაში (განსაკუთრებით რუსეთში), როგორ მარცხდებიან ჩვენი კლუბები ევროსარბიელზე და ზარმაცი კაცის ბოსტანივით როგორ არის მიგდებული მრავალი სტადიონი თუ სპორტული დარბაზი, ბუნებრივია პროტესტი გაუჩნდება. მაგრამ მარტო პროტესტი რისი მაქნისია, თუკი გამოსავალი არ ვეძებეთ.

 2 წლის წინ, აქტიურად დაიწყეს საუბარი სპორტული პროფილის დაწესებულებების პრივატიზაციაზე და სპორტიდან არაპროფესიონალი, ვაი-მწვრთნელებისა და ვუი-ფუნქციონერების მოკვეთაზეც ალაპარაკდენენ, მაგრამ გაკეთებით რეალურად არაფერი გაკეთებულა, გაფუჭებით კი იცოცხლე... აბა რა უნდა გაგიკვირდეს, როდესაც საქართველოში არცთუ ცოტაა ადამიანი, რომელსაც სიტყვა “რეფორმისაც” კი ეშინია. არადა რეფორმა სწორედ ამ ხალხით უნდა დაიწყოს...

 

0.114834