“უბრალო სტატისტიკითაც შეიძლება მიხვდე, როგორ უკან-უკან მიდის ქართული ფეხბურთი. საქართველოში დღესდღეობით 11 000 ფეხბურთელია, როცა 90-იანი წლების დადასწყისში 45 000 იყო. შვეიცარია, სადაც 8 მილიონი მცხოვრებია, 320 000 ფეხბურთელი აღირიცხება. ფეხბურთი ყველა ქვეყანაში წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება, საქართველოში კი პირიქით” – ეს მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებია.
მიხეილ ყაველაშვილი ქართული ფეხბურთის განვითარების თავის სტრატეგიულ ხედვას მალე, სავარაუდოდ მაისში წარმოადგენს.
მოძრაობა ”ჩვენი ფეხბურთის” დამფუძნებელ მიხეილ ყაველაშვილს “მსოფლიო სპორტი” ვრცლად ესაუბრა.
- ბოლო ერთ წელიწადში არ ჩანდით, არ აქტიურობდით. რატომ?
- ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის ანალიზით ვიყავი დაკავებული. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. სრულად მივიღებთ დოკუმენტებს და იქ იქნება ასახული, რა ხდება ქართულ ფეხბურთში ბავშვებიდან დაწყებული, უფროსი გუნდებით დამთავრებული. მთელი საქართველოს მასშტაბით შევისწავლეთ ინფრასტრუქტურა, სად რა მდგომარეობაა. 80-მდე სკოლა, საფეხბურთო ბაზა, თუ სტადიონი დავათვალიერეთ, შევისწავლეთ მდგომარეობა. არის საფეხბურთო ობიექტები, სადაც უბრალოდ ხელის შევლებაა საჭირო. ანუ, შევისწავლეთ, სად შეიძლება რეკონსტრუქცია მოხდეს.
- საქართველოს 11 000 ფეხბურთელიღა ჰყავს. ეს რიცხვები ფედერაციიდანაა აღებული?
- დღევანდელ ფეხბურთის ფედერაციაში ყველანაირი რიცხვი, შეეხება ეს ფინანსებს, თუ სტატისტიკას სხვადასხვა მიმართულებით მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ამიტომ, არაპირდაპირი გზებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელიც ფედერაციიდანაა აღებული და არის ოფიციალური. შვეიცარიაში 320 000 ფეხბურთელია. ამ დროს ავიღოთ რაგბი: 3000 მორაგბე იყო საქართველოში, ახლა კი მათი რაოდენობა 7000-მდეა. რაგბის კავშირი წინ გეგმაზომიერად მიდის, გაწერილი აქვს ყველაფერი და თავიანთ სახეობას უვლის. გულწრფელად მიხარია მათი წარმატება და ამავდროულად, გული მწყდება ფეხბურთზე. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც ფეხბურთს ამხელა რეგრესი აქვს. არადა, ტალანტების ქვეყანა ვართ.
- შვეიცარიაში ცხოვრობდით, იქაურ საფეხბურთო დინებებს კარგად იცნობთ და ქართული ფეხბურთის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, იქაური მეთოდებით იხელმძღვანელებთ?
- კოპირება არ უნდა მოხდეს. აქ, შესაძლოა, სხვა პირამიდული სისტემა გახდეს საჭირო. ეს ყოველივე შესწავლისა და ანალიზის შემდეგ უნდა განხორციელდეს. მე არ ვამბობ, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ მიზანმიმართული მუშაობით, 4-5 წელიწადში პროგრესი აშკარად გამოჩნდება. ბავშვთა ფეხბურთიდანაც ჩანს, რომ ინდივიდუალურად, 10 წლის ქართველი ბავშვი 10 წლის შვეიცარიელს არაფრით ჩამოუვარდება, პირიქით, უპირატესობა ჩვენებს აქვთ, მაგრამ გადის წლები და თავს იჩენს არასწორი აღზრდა, არასწორი მუშაობა. აქედან იწყება ჩვენი პრობლემების კასკადი. ტექნიკა, ტაქტიკა, ორგანიზატორული ნიჭი, ფსიქოლოგია, ზოგადი განათლება და აზროვნება, რომელსაც პირველ პლანზე ვაყენებ – ეს ყველაფერი ასახული იქნება ჩემს პროგრამაში. ამის გარეშე შეუძლებელია ევროპული დონის ფეხბურთელების აღზრდა.
- სფფ-ის ამჟამინდელ მუშაობას როგორ შეაფასებდით?
- ყველაფერი, რაც ხდება, შესაძლოა, ფედერაციის ბრალი არაა, მაგრამ თქმა იმისა - “მე ფეხბურთელი არ მყავს და რა ვქნა” – უპასუხისმგებლობაა. განზე დგანან და არბიტრის როლს თამაშობენ. დღეს ყველა ხედავს, რომ მათ მიმართ ნდობა ნულზეა დასული. მხოლოდ წეღან ნათქვამი სტატისტიკის მიხედვით გამოიტან დასკვნას, რომ ფეხბურთში კარგად არაა საქმე. ამ ყველაფრის ანალიზი ხდება? არანაირი სურვილიც არ ყოფილა, რომ შეცდომები დაენახათ. რომ ჰკითხო, ვინაა ყველაფერში დამნაშავეო, სხვაგან იშვერენ ხელს. მგონი, ამით დაიღალა ის ხალხი, ვისაც მართლაც გული შესტკივა ქართულ ფეხბურთზე. წინა ფედერაციის მუშაობისას, მხოლოდ ემოციის ფონზე და პირადი სიმპათიების გამო ჩამოიყვანეს გერმანელი და არგენტინელი მწვრთნელები, იმის ანალიზი კი არ გაკეთებულა, თუ რატომ – მოერგება ის ქართულ ფეხბურთს? რას ვავალებთ?
ასევე ხშირად მესმის, რომ თურმე არ შეიძლება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის გაკრიტიკება, მითუმეტეს, თუ მისი მეგობარი ხარ. მერე რა, რომ მეგობარია? რა პასუხს სცემ საზოგადოებას? უპასუხისმგებლობაა, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, მე არაფერ შუაში არ ვარ ქეცბაიას დანიშვნასთანო. ფედერაციის პრეზიდენტი თუ არაფერ შუაშია, ეს ხომ კატასტროფაა. თანაც, ნიშნის მოგებით ეუბნება საზოგადოებას, ქეცბაიას დანიშვნა ხომ თქვენი სურვილი იყოო.
ნებისმიერ საფეხბურთო გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ფედერაციის პირველი პირები. მაშინ, საერთოდ რა საჭიროა ფედერაცია, თუ ვერ წყვეტს? რაც არ უნდა ფილმები გადაიღონ და ხალხის მოტყუებას ეცადონ, უკვე ვეღარ მოატყუებენ. აღარ არის ის დრო, დაშინებული რომ ჰყავდათ ხალხი, დღეს მეტი თავისუფლებაა.
- ბოლო დროს აქტუალური გახდა 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების საკითხი და ამაში რატომღაც შველას ხედავენ. თქვენ რას იტყვით?
- მეტ გუნდში მეტი ფეხბურთელი გაიზრდებაო, ეს არის ნონსენსი. ხარისხის გაზრდაა აუცილებელი და არა რაოდენობის. გვაქვს პროფესიონალ ფეხბურთელთა რესურსი? არა.
- ორიოდე თვის წინ ერთ-ერთ რაიონში ვიყავი მოზარდთა გუნდების მატჩზე, სადაც 11-11-ზე თამაში მიმდინარეობდა 65-70-მეტრიან მოედანზე და პირითი ხაზების აღსანიშნავად ნახერხი იყო დაყრილი...
- ამ ყველაფერის ანალიზს ვაკეთებთ. სულაც არ სჭირდება კატასტროფული თანხა ამის მოსაგვარებლად, ყოველ შემთხვევაში, იმის მცირე ნაწილი სჭირდება, ვიდრე ხელფასებში მიდის. საშეჯიბრო საკითხი ასევე ძალიან აქტუალურია. სამწუხაროა, რომ პიროვნება, რომელიც დღეს ფედერაციაში მუშაობს და დიდი ფეხბურთი უთამაშია, ამბობს: “ჩემს დროს მოედნები სულ არ იყო, აბა, როგორ გავიზარდეთ ფეხბურთელებად?”. 40 წლის წინ რა პირობები იყო, იმაზე კი არ უნდა ხდებოდეს აქცენტირება, არამედ რა გაქვს დღეს. შევხედოთ, ყველა ქვეყანა წინ მიდის საფეხბურთო კუთხით და მათ შევედაროთ. ერთი და იგივეს, უიმედობას გვიხატავენ. ფეხბურთელები არ მოდიან და რა გვეშველებაო. არ გჯერათ, რომ გვეშველება? მაშინ ისინი გაატარეთ, ვისაც სჯერა. განზე გაიწიეთ და უბრალოდ უქომაგეთ. საწყენია, როცა ნიშნის მოგებით საუბარს ისმენ. ნაკრების მწვრთნელს კრიტიკულ კითხვას თუ დაუსვამ, მოგზავნილს გეძახის. კრიტიკაზე სხვა მხარეს იშვერს ხელს. ნეტავ ვხედავდე, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში მყოფთ აშფოთებდეთ დღევანდელი მდგომარეობა.
- ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდება და თავის გამოცდილებას ქართულ ფეხბურთს მოახმარს. თუ გქონდათ კობიაშვილთან საუბარი და შესაძლებელია თუ არა თქვენი ერთად თანამშრომლობა?
- მომავალში რა იქნება, ჯერ არ ვიცი. კობიაშვილს ჩემს უმცროს მეგობრად ვთვლიდი და დღესაც ასეა. მე და ლევანს ერთად გვითამაშია ნაკრებში, ის მუდამ სამაგალითო იყო თავისი პროფესიონალიზმით, ქცევით, დამოკიდებულებით. კობიაშვილი ის პიროვნებაა, რომელთანაც ურთიერთობის შედეგად, შეგეძლო ბევრი გესწავლა. მომავალზე ჯერ არ გვისაუბრია. ლევანს ჯერ არ უთქვამს, კონკრეტულად რა კუთხით აპირებს ქართულ ფეხბურთში საქმიანობას.
- ვინ არიან თქვენი გუნდის წარმომადგენლები?
- ჩვენს გუნდში მარტო ყოფილი ფეხბურთელები არ მუშაობენ, იქ არიან სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ქართულ ფეხბურთს. თქვენთვის ცნობილი პირები, ვისაც საზოგადოება იცნობს, არიან გოჩა ჯამარაული, მამუკა მაჭავარიანი, თორნიკე მაისურაძე. მათ გარდა არა ერთი ყოფილი ვეტერანი ფეხბურთელი გვეხმარება და მხარში გვიდგას. უბრალოდ, მე არ მინდა, მათ მაგივრად გავაკეთო განცხადება.
- და ბოლოს: რას პირდებით ქართველ გულშემატკივარს, როგორც საფეხბურთო მოღვაწე?
- ჩვენ ვპირდებით ბრძოლას ქართულ ფეხბურთში სამართლიანობის აღსადგენად. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ სამართლიანობა და პროფესიონალიზმი არის გარანტი ჩვენი ფეხბურთის ისეთი წარმატების, როგორზეც ყოველი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი ოცნებობს. ამის მიღწევა ძალიან რეალურია, თუ იქნება ჩვენი, მთელი საფეხბურთო საზოგადოების ნება.