ინტერვიუები

10:06 | 20.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ კობეშავიძე: “ ძლიერ ჯგუფში მოხვდით და რთული ბრძოლები მოგველის”

შეგახსენებთ, რომ FIBA-ს მიერ ჩატარებული ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ, საქართველო C  ჯგუფში მოხვდა, სადაც “ჯვაროსნებთან” ერთად პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები გამოვლენ.
შესარჩევი ტურნირის 3 ჯგუფიდან, თითო გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი პირდაპირ ხვდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, ხოლო მე-6 გამსვლელი ადგილის მფლობელის ვინაობა გადათამაშების შემდეგ გაირკვევა.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ, ქვეყნის 18 წლამდელთა ნაკრებისა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონ საუ-ს მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძესთან.
- სხვადასხვა აზრი არსებობს C ჯგუფის შესახებ, რომელშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა. აღნიშნული ჯგუფის შესახებ, თქვენ რა აზრის ბრძანდებით?
- ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და რთული ბრძოლები მოგველის.
- A (იტალია, ისრაელი, ფინეთი, ლიტვა, ჩერნოგორია) ჯგუფზეც ძლიერია?
- A-ზე არა, მაგრამ B (ბოსნია, მაკედონია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა) ჯგუფზე ძლიერი ნამდვილად არის.
- რომელ ნაკრებს თვლით C ჯგუფის ფავორიტად?
- ძლიერი გუნდები ჰყავთ პოლონეთს, ბულგარეთსა და ბელგიას. ბულგარელებმა შარშან რუსებს სამჯერ მოუგეს, ხოლო ბელგიელებმა ტონი პარკერის საფრანგეთი დაამარცხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ რა ფორმაში იქნება აგვისტოში, როცა შესარჩევი ტურნირის მატჩები დაიწყება.
- საქართველოს ნაკრების შესახებ რას გვეტყვით?
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დაგვემატება მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც ტრამვის გამო, B დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირი გამოტოვა.
რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება საქართველო ფინალურ ტურნირზე თუ მოხვდება, მაგრამ A დივიზიონში ადგილის შენარჩუნებითაც კმაყოფილი დავრჩები.
- საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების შესახებ რას გვეტყვით, რომელიც B დივიზიონის D ჯგუფში იასპარეზებს ჩერნოგორიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის ნაკრებ გუნდებთან ერთად...
- დღეს თამაში ყველამ ისწავლა და აღნიშნულიდან გამომდინარე, აქაც რთული ბრძოლები გველის.
- ახლა საუ-ს შესახებ ვისაუბროთ. რით ახსნით მიხეილ ქორქია - ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ნახევარფინალში თქვენი გუნდის შსს-თან დამარცხებას?
- შესუსტებული შემადგენლობით ვთამაშობდით. გიორგი მარგველაშვილი ავად იყო, ხოლო ირაკლი გულისაბედაშვილმა სიცხიანმა ითამაშა და ამიტომ დავმარცხდით.
- “თბილავიამშენის” ყოფილი წევრის , თორნიკე ნინიაშვილის დამატებას აპირებდით...
- ვაპირებდით, მაგრამ ფინანსური პრობლემის გამო ვერ დავიმატეთ.
- მიმდინარე ჩემპიონატში რა გეგმები გაქვთ?
- ერთ-ერთი სინჯის მედლის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.

როლანდ ლაბუჩიძე

 

0.134031