11 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ფედერაციას ახალი თავკაცი ეყოლება. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ გაბრიჩიძეცაა, რომელიც აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. ბატონი მიხეილი ცოტა ხნის წინ დასავლეთ საქართველოში მართავდა შეხვედრებს, დღეს კი გორში გაემგზავრა, სადაც შიდა ქართლის საკალათბურთო საზოგადოებას მოუსმენს და საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააცნობს.
მიხეილ გაბრიჩიძეს გორში გამგზავრების წინ შევხვდით და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართული კალათბურთის შემდგომი განვითარების საკუთარი თვალსაზრისი გაგვაცნო, ამომწურავი პასუხი გაგვცა და მკითხველისთვის საინტერესო ინტერვიუც ჩავწერეთ.
- აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებთ. ორიოდე დღის წინათ რეგიონები შემოიარეთ. სტუმრობდით ქუთაისს, ფოთს, ბათუმს. რა შთაბეჭდილება შეგექმნათ იქაურ საკალათბურთო ოჯახის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრისას და უპირველესად რომელი მიმარულებებითაა საქმიანობა გასაშლელი?
- პრაქტიკულად ყველგან ერთი და იმავე სირთულეებია. ძირითადი პრობლემა ფინანსები და ინფრასტრუქტურაა. რეგიონებში განსაკუთრებით გვმართებს კალათბურთში ჩაბმული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. მწვრთნელებს რეგულარულად უნდა უტარდებოდეთ ტრეინინგები და მათი საზღვარგარეთ მივლინებაც უპრიანია. სხვაგვარად თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს ისინი სათანადოდ ვერ გაეცნობიან. მოგეხსენებათ, კალათბურთი ცოცხალი ორგანიზმია, ახალ-ახალი მეთოდიკა რეგულარულად ინერგება და ჩვენც დროს ფეხი უნდა ავუწყოთ. რეგიონებში მწვავედ დგას მსაჯების პრობლემაც. ამ მიმართულებითაც კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ.
გადასაჭრელია საკალათბურთო დარბაზების საკითხი. ქუთაისში სპორტის კარგი სასახლე ფუნქციონირებს, მაგრამ კალათბურთისთვის მისი იატაკი აშკარად შეუფერებელია. თუკი იმ მოედანზე ბავშვებს დავთვირთავთ, სახსრებს შორის სითხის ჩადგომას თავიდან ვერ ავიცილებთ. ასე შესაძლოა მოზარდები დავაინვალიდოთ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ცხადია, ქუთაისის სპორტის სასახლეში ასპარეზობა დიდი კალათბურთელებისთვისაც საზიანოა. ქუთაისში 2 ნორმალური დარბაზია, მაგრამ ბავშვთა კალათბურთის კიდევ უფრო გასავითარებლად ეს არასაკმარისია – ქალაქში საკალათბურთო ბუმია და მინიმუმ კიდევ 2 არენაა აუცილებელი.
ფოთს რაც შეეხება, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა როლანდ გარუჩავამ. ყოფილმა დინამოელმა (მან კარიერა მუხლზე გაკეთებული წარუმატებელი ოპერაციის გამო შეწყვიტა) გადასაყრელად გამზადებული ხე-ტყის მასალა გამოიყენა და საკუთარი ხელით ისეთი საკალათბურთო იატაკი დაამზადა, ზომით და ხარისხით სტანდარტსაც რომ აკმაყოფილებს. ბატონი როლანდი ბავშვებს მონდომებით ავარჯიშებს, მოზარდებიც მოტივირებულები არიან და იმედია, პროგრესს მიაღწევენ.
ბათუმში კარგი სამუშაო-საკალათბურთო პროცესია. აჭარის დედაქალაქში სუპერლიგის კლუბის და საბავშვო სკოლის ხელმძღვანელებს შევხვდი. მისასალმებელი ფაქტია, რომ ბათუმში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის აშენებაა დაგეგმილი. თანამედროვე არენის მწყობრში შესვლის შემთხვევაში საშუალება მოგვეცემა ვუმასპინძლოთ სერიოზულ საკალათბურთო ტურნირებს. ბათუმში ზაფხულის პერიოდში 3X3 კალათბურთის შეჯიბრებების ჩატარებაა სასურველი, რათა ეს სახეობა სახალხო სპორტად ვაქციოთ. ფიბა ისწრაფის მის გასავითარებლად და როგორც კულუარებში საუბრობენ, მომავალში (2 ოლიმპიადის შემდეგ) 3X3 კალათბურთი შესაძლოა ზაფხულის თამაშების პროგრამაში ვიხილოთ.
რეგიონების თემას კი იმით დავასრულებ, რომ დღეს გორში მივემგზავრები, შიდა ქართლის საკალათბურთო საზოგადოებას შევხვდები და მათ აზრსა და სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებ.
- დაინტერესებულ ადამიანებს თქვენი საპრეზიდენტო პროგრამის გაცნობის საშუალება აქვთ, მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტულად მოახსენოთ მკითხველს თქვენეული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის თაობაზე?
- დავიწყოთ კლუბებით. აქაც ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით. ბევრი საინტერესო მოვისმინე კლუბების ხელმძღვანელებთან საუბრისას. სამომავლოდ აუცილებელია მათთან თვეში ერთხელ შეხვედრა. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი გუნდებს. სხვაგვარად ძლიერ ჩემპიონატს ვერ მივიღებთ. აუცილებელია ტრიბუნებზე მაყურებლის მოზიდვა და ტელევიზიის დაინტერესება. სატელევიზიო რეპორტაჟებისა და ყურადღების გარეშე სპონსორების მოზიდვა არ მოხერხდება. ერთი სიტყვით, ჩვენი სუპერლიგის დონის ამაღლებას ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ. ყოველმხრივ უნდა დავეხმაროთ კლუბებთან არსებულ საბავშვო სკოლებს. მოზარდები რეგულარულად ატარებენ ჩემპიონატებს და ჩემი აზრით უპრიანია, თუკი ფინალში გასული გუნდების მწვრთნელებს ასაკობრივ ნაკრებებში მივიწვევთ. ამ შემთხვევაში დამრიგებლები მეტი ეფექტურობით მოახერხებენ ბავშვების თვისებებისა და ოსტატობის გამოვლენას.
აქტიურადაა გასავითარებელი ქალთა კალათბურთი. ჩვენ ლამაზ სახეობაში გოგონების ჩართულობამ იკლო. საქმე გვაქვს სოციალურ მოვლენასთან და საკითხის შესასწავლად გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩაბმაა საჭირო. მხოლოდ ღრმა ანალიზის შემდეგ უნდა დავსახოთ სწორი სამოქმედო გეგმა. ნუ მიწყენთ და ჟურნალისტებსაც გისაყვედურებთ. ქალთა კალათბურთში ბევრი უაღრესად საინტერესო შეჯიბრება ტარდება. თუნდაც, ქალთა NBA ან ევროტურნირები ავიღოთ. აქ მატჩები კიდევ უფრო მეტი დაძაბულობითა და ესტეტიკური სანახაობით ტარდება. თქვენი კოლეგები კი შედეგების აღნუსხვითაც არ არიან დაკავებულნი. მესმის, რომ ბევრი რამ კონიუნქტურასა და რეიტინგზეა დამოკიდებული, მაგრამ დარგის განვითარებაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. შეხვედრა გვქონდა მეგობარ ქალ კალათბურთელებთან. ვფიქრობ, მათთან თანამშრომლობითა და საერთო ძალით მოვახერხებთ გარდატეხის შეტანას და კალათბურთში გოგონების აქტიურ ჩართვას. მაქვს იდეა, კალათბურთის ფედერაციაში შემოვიტანოთ ვიცე-პრეზიდენტი ქალის პოსტი, რომელიც ქალთა კალათბურთის საქმეებსა და პოპულარიზაციაზე იმუშავებს.
ჩემი აზრით, ჩემპიონატში ყველა მუნიციპალიტეტის კლუბი უნდა იყოს წარმოდგენილი. შესაძლებელია, ბალტიისპირეთის ან ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. იქ ხშირია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე მუნიციპალიტეტი შეამხანაგდება და ერთ გუნდს ინახავს.
აუცილებელია დავფიქრდეთ B ლიგის დაფუძნებაზე. ამ ტურნირში მონაწილე კლუბებს ნაკლები გადასახადი უნდა დავუწესოთ, რითაც საშუალებას მივცემთ გუნდში ათამაშონ ახალგაზრდა და უკლუბოდ დარჩენილი მოთამაშეები. ისინი ფორმას შეინარჩუნებენ, დახვეწენ და შესაძლოა, სუპერლიგის კლუბების მწვრთნელთა ყურადღებაც დაიმსახურონ.
სტუდენტური კალათბურთი ყოველთვის ჩვენი მეტად აქტიური ნაწილი იყო. საჭიროა ამ ენერგიის სწორი მიმართულებით მიმართვა. ვგულისხმობ სტუდენტების აქტივობის გამოყენებას გულშემატკივრობის და კალათბურთის პოპულარიზატორობის ასპექტითაც.
საჭიროა მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და ამ მიმართულებით ჩასატარებელი საქმიანობის მონახაზი გაგვაჩნია.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენი ნაკრების წარმატება კალათბურთის პოპულარობის გარანტიაა. ამასთან, საშუალება მოგვეცემა მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ სერიოზული სპონსორები. სწორად მიმართული რეკლამისა და ამაღლებული იმიჯის სახით დახარჯული თანხა სპონსორს გარანტირებულად დაუბრუნდება.
ჩვენი გუნდის მიზანია დაინერგოს სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას 10-15 წლიან პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კალათბურთი აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ დარგად თავისი საკუთარი ინფრასტრუქტურით, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო დოტაციაზე თუ მეცენატების აქტივობაზე. ფიბა, სხვა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მსგავსად, ისწრაფვის სახეობის კომერციალიზაციისაკენ. ყველასთვის ნათელია, რომ თანამედროვე საკალათბურთო მოთხოვნებს დიდძალი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. აუცილებელი პირობაა ფიბასთან და ფიბა-ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია, მისი ყველა იდეისა და რეკომენდაციის გულმოდგინე ანალიზი.
-ზემოთ ინფრასტრუქტურული პრობლემები ახსენეთ. ამ საკითხის გადაჭრა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გარეშე მეტად გაძნელდება...
- ამ მხრივ აქტიური მუშაობაა აუცილებელი, რათა კალათბურთს ის სპორტული დარბაზები დავუბრუნოთ, რომლებიც პროფილის მიხედვით არ არიან დატვირთულნი. ზოგი მათგანი საწყობია, ზოგი მაღაზია, ზოგი სულაც დაკეტილია. სასურველია, სუპერლიგის მატჩები ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში ტარდებოდეს და კლუბებს საასპარეზო გადასახადი არ დავაკისროთ. ამით კლუბებს დამატებითი თანხა გამოუთავისუფლდებათ და ხარჯებს სხვადასხვა საჭიროების მიხედვით გაწევენ. თუ არ გადაიჭრა ინფრასტრუქტურის კუთვნილების საკითხი, სპონსორს თანხის ჩადებით ვერ დავაინტერესებთ – მას მატერიალური გარანტია სჭირდება.
შეღავათია დასაწესებელი რეგიონის კლუბებისთვის. ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. საჭიროა ადგილზე სიტუაციის გაცნობა, მთლიანი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს განვითარების სრული გეგმა და შემდგომში მის რეალიზებაზე ვიზრუნოთ. უპირველესად მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსის ინვენტარიზაციით უნდა დავიწყოთ.
- მოახლოებული არჩევნების წინ ზოგი კანდიდატი დელეგატთა რაოდენობის გაზრდას ითხოვდა...
- გაფართოების მოწინააღმდეგე არც მე ვიყავი. ჩემი აზრით, ვეტერანებს მეტი ხმა ეკუთვნოდათ. მათ კარგად იციან, რა სჭირდება კალათბურთს და სპორტის ამ სახეობისთვის მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლიათ და სურთ. ვეტერანებს დიდი ენერგია აქვთ – შეძენილიც და დახარჯულიც. შემთხვევითი არაა, წინასაარჩევნო კამპანიის ეგიდით პირველი შეხვედრა ვეტერანებთან რომ გავმართე. მათ გავაცანი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი, ვუპასუხე კითხვებს და საინტერესო რჩევებიც მივიღე. მათი აზრით, საჭიროა მეორე ნაკრების დაფუძნება, რასაც მეც ვიზიარებ. ყოველთვის გვექნება აქტიური ურთიერთობა ვეტერანებთან. ჩვენ ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების სპონსორი ვართ. სამწუხაროა, ზოგიერთი ამას არასწორ ინტერპრეტაციას რომ აძლევს. აქაოდა, ქველმოქმედებასა და დახმარებას პირადი დივიდენდების მისაღებად იყენებენო... კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში ყველა დარწმუნდება, ამგვარი მიდგომა არასწორი რომაა და ეს ადამიანები ცდებიან.
- 11 დეკემბერი გვიახლოვდება. თქვენი აზრით როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები?
- ქართულ კალათბურთს მხოლოდ სიმშვიდე სჭირდება, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს. არ ვარ რევოლუციის მომხრე, მითუმეტეს, კალათბურთში. პროგრესისკენ ევოლუციურად, მშვიდად უნდა მივისწრაფოდეთ. აზრთა სხვადასხვაობა კი ნორმალური პროცესია. ნებისმიერ არჩევნებს თან ვნებათაღელვა ახლავს. ზოგს განსხვავებული აზრი აქვს და სწორედ ესაა გარანტი იმისა, რომ სამომავლოდ, კრიტიკის გათვალისწინებით, შევიმუშავებთ კალათბურთის განვითარების სწორ სტრატეგიას.
დარწმუნებული ვარ, არჩევნები შემდეგ სიტუაცია დამშვიდდება და კალათბურთის განვითარებისათვის საერთო ჩართულობით ვიღვაწებთ. პირადად მე მხოლოდ თანამშრომლობისა და ერთმანეთის აზრის პატივისცემის მომხრე ვარ.