კალათბურთი

20:50 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: “კალათბურთთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია”

ახლოვდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის 14 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. წინამორბედებისგან განსხვავებით, 2013 წლის არჩევნები გამორჩეულ ინტერესს იწვევს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 23 ოქტომბრისთვის 4 კანდიდატს აქვს დაფიქსირებული და გამორიცხული არაა მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 23 ოქტომბერს, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ვეტერანმა კალათბურთელმა, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე პრეზიდენტმა და “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ტოპ მენეჯერმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დააფიქსირა. მანამდე, ანალოგიური სურვილი ვეტერანმა კალათბურთელებმა: მიხეილ ახვლედიანმა, კახაბერ შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გამოთქვეს.

გაბრიჩიძე, “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ავტოსალონში შეკრებილ საზოგადოებას და მასმედიის წარმომადგენლებს, აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტმა და საკალათბურთო სკოლა “ჰიუნდაის” დამფუძნებელმა დავით გიორგობიანმა წარუდგინა:

“ჩვენი ორგანიზაციები ათვითცნობიერებენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დამდეგი არჩევნების უდიდეს მნიშვნელობას და ავრცელებენ შემდეგ განცხადებას.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალი არჩევნები საქართველოში კალათბურთის მიმდინარე ეტაპის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

ამ პროცესმა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა განსაზღვროს ფედერაციის მართვის სადავეებში მყოფი პიროვნებების და იმ გუნდის ვინაობა, თუ ვის ანდობს საკალათბურთო საზოგადოება ჩვენი უსაყვარლესი სპორტის სახეობის მართვას. კალათბურთის მომავალი და პერსპექტივა ჩვენი საერთო საქმის მომავალი და პერსპექტივაა. ეს ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილია.

ბოლო პერიოდში გავდიოდით კონსულტაციებს საკალათბურთო და ბიზნეს-წრეებთან, სპეციალისტებთან, გულშემატკივრების ჯგუფებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკალათბურთო საზოგადოებას და ქართული სპორტის გულშემატკივარს წარვუდგინოთ ჩვენი საერთო კანდიდატი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, მიხეილ გაბრიჩიძე.

 

მიხეილ გაბრიჩიძე

დაიბადა: 25.02.1966

საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.

დინამიადის მრავალგზის გამარჯვებული.

საკალათბურთო კარიერა:

1973-1981, “ნორჩი დინამოელი”.

1981-1987, თბილისის “დინამო”.

1981-1983, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები.

1987-1991, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

1991-1993, თბილისის “შევარდენი”.

1993-1994, თბილისის “მერანი”.

1994-1995, სდასუ.

1983 წელს, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1983-1987, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მონაწილე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

კორაჩის თასის ორგზის მონაწილე.

მიხეილ გაბრიჩიძე არის თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე პრეზიდენტი და “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ტოპ მენეჯერი. ეს კომპანია აქტიურად უჭერს მხარს და ასპონსორებს საქართველოს ნაკრებს და საკალათბურთო სკოლა “ჰიუნდაის” და მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს ქართულ კალათბურთს.

“ჰიუნდაის” ბავშვთა საკალათბურთო სკოლამ საქართველოს ხუთი ასაკობრივი ჩემპიონატიდან სამი მოიგო. ამ ეტაპზე, “ჰიუნდაის” საკალათბურთო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

მიხეილ გაბრიჩიძე, ვეტერანი კალათბურთელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საკალათბურთო საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქვს თავისი პრაგმატული ხედვა და საერთო განვითარების კონცეფცია, აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმატებული და კვალიფიციური მართვის უდიდესი გამოცდილება.

მიხეილ გაბრიჩიძე კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად არის ჩართული საკალთბურთო ცხოვრებაში. “ჰიუნდაი” არის ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების გენერალური სპონსორი.

მისი პიროვნული თვისებები კარგად არის ცნობილი საკალათბურთო წევრებისთვის და მისი კანდიდატურა ბევრისთვის მისაღები იქნება.

მხარი დაუჭირეთ მიხეილ გაბრიჩიძის კანდიდატურას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში კალათბურთის განვითარებას.”

აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ, გაბრიჩიძემ მასმედიის კითხვებს უპასუხა:

მიხეილ გაბრიჩიძე: “ეს გადაწყვეტილება, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღეთ, 1-2 დღის ნაფიქრალი არ ყოფილა. 40 წელია კალათბურთში ვარ. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ კალათბურთთან კავშირი ერთი წუთითაც არ გამიწყვეტია. საკალათბურთო საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობთ. “ჰიუნდაის” სახელით მოასპარეზე გუნდები რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობენ. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაციაა საქართველოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კარგად ვიცი რა უნდა გაკეთდეს...”

-       რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილი აჟიოტაჟი?

-       საკალათბურთო სამყაროში ყველას ჩემს მეგობრად ვთვლი. სასურველია საპრეზიდენტო კანდიდატების ერთმანეთთან შეხვედრები. ბუნებრივია იქნება კამათიც, რომელიც ზღვარსგადაცილებული არ უნდა იყოს.

-       წესდებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე რა აზრის ხართ?

-       წესდება მოძველებულია, რომელიც გადახედვას ითხოვს, მაგრამ ეს პროცესი ძალიან გაიწელა. ვიცი, რომ ვეტერანი კალათბურთელები, მათთან ერთად მოქმედი და ვეტერანი მსაჯები თითო ხმას ითხოვენ. სკფ-ს (საქართველოს კალათბურთის ფედერაცია) გამგეობას სამუშაო ბევრი აქვს და იმედია, დროზე დაასრულებს.

-       საქართველოში ვეტერან კალათბურთელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღემატება. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თითოეულმა მათგანმა საარჩევნო ხმა მიიღოს?

-       გარკვეული ცენზი უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, საარჩევნო ხმას ყველა მათგანი ვერ მიიღებს.

-       საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადების შემდეგ, იგი მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად ეს დრო თქვენთვის მისაღებია?

-       რადგან ქართული საკალათბურთო სამყარო, რომელიც 3000-მდე კაცს აერთიანებს, დიდი არაა, ეს დრო ჩემთვის სრულიად საკმარისია. 

0.213365