კალათბურთი

19:24 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: ”ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება”

 მთელი ქართველი საკალათბურთო საზოგადოება 11 დეკემბერს დიდი ინტერესით ელოდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას წინ ხომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაძაბული ურთიერთობა, ხმაურიანი, ხშირად ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული განცხადებები უძღოდა. საბოლოოდ, ყრილობის დელეგატებმა თავიანთი არჩევანი (მარტო საპრეზიდენტო კანდიდატებთან მიმართებაში არ ვგულისხმობთ) გააკეთეს, ჩვენ საკალათბურთო ოჯახს კი მიხეილ გაბრიჩიძის სახით ახალი თავკაცი ჰყავს.

 ჟურნალისტებმა, ყრილობის დელეგატებმა და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმა თანდათან სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” საპრესკონფერენციო დარბაზში დაიწყეს შესვლა. მედიის წარმომადგენლებმა (ტელეოპერატორების ჩათვლით 43 მასმედიელი შევიკრიბეთ), დელეგატებმა და პრეზიდენტობის სამმა კანდიდატმა, ვლადიმერ ბოისამ, მიხეილ გაბრიჩიძემ და კახა შენგელიამ მათთვის წინასწარ განსაზღვრული ადგილები დაიკავეს, მიხეილ ახვლედიანმა კი დარბაზში დაჯდომა ამჯობინა. ყრილობის დაწყების წინ მას კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა გვიპასუხა: “დღევანდელ თავყრილობას ღონისძიებას დავარქმევდი და არა ყრილობას. ალბათ გაეცანით სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფიბა-ს გენერალური მდივნის წერილს, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ წესდებით ჩატარებული არჩევნები არასამართლიანია”.

ამასობაში ყრილობის პრეზიდიუმში ადგილები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ვეტერანმა კალათბურთელმა, იურისტმა გიორგი ქართველიშვილმა, ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ფედერაციის გენმდივანმა მერაბ რატიშვილმა და ფედერაციის გამგეობის წევრმა ნოდარ ქორქიამ დაიკავეს. ყრილობის გაძღოლა ქართველიშვილს მიანდეს და ბატონმა გიორგიმ დღის წესრიგი გაგვაცნო. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო მოხსენებას ახალი პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების არჩევა მოჰყვებოდა, შემდეგ კი სხვადასხვა საკითხთა განხილვის დრო დადგებოდა.

ყრილობაზე 40-ივე დელეგატი გამოცხადდა და პრაქტიკულად ერთხმად აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია. ეს დროებითი ორგანო 3 წევრისგან (ზაზა გაბისონია, გია სანაძე, ამირან ხაჩიძე) შედგა.

საანგარიშო მოხსენებამდე სიტყვა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმა ითხოვა, კვლავინდებურად გაუსვა ხაზი ფიბა-დან მოსულ წერილს, ყრილობა არალეგიტიმურად სცნო და დარბაზი დატოვა. მას 5 დელეგატი გაჰყვა. შემდეგ სიტყვა დელეგატთაგან ერთადერთ ქალბატონს, საკალათბურთო კლუბ “დინამოს” წარმომადგენელ გვანცა ომიაძეს გადაეცა. მან განაცხადა, რომ ყრილობაზე საანგარიშო მოხსენების მოსასმენად მოვიდა და არა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ყრილობის წამყვანმა ახვლედიანის განცხადებას პოპულისტური უწოდა, განაცხადა, რომ ფიბა და სპორტის სამინისტრო ფედერაციის საქმიანობაში ვერ ჩაერევიან, მით უმეტეს, საამისო საჭიროება ნამდვილად არაა და პროცესები ლეგიტიმურად მიმდინარეობს. ბატონმა გიორგიმ დასძინა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ წესდება აუცილებლად შეიცვლება.

ფედერაციის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეულ პერიოდზე მოხსენება გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გააკეთა. მან მიმოიხილა ჩვენი ეროვნული ნაკრების გამოსვლა სლოვენიის ევროპის ჩემპიონატზე, ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლაზეც ისაუბრა და გამოსვლის სოლიდური ნაწილი საფინანსო საკითხს დაუთმო. ბატონი მერაბისგან შევიტყვეთ, რომ საანგარიშო პერიოდში ფედერაციის ანგარიშზე 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაირიცხა, რომლისგან 630 ათასი ეროვნულ ნაკრებს მოხმარდა. დასახელდა ბევრი მიღებულ-დახარჯული თანხა და როგორც დაგვპირდნენ, ამ ბრუნვის დეტალურად კიდევ ერთხელ გაცნობა ფედერაციის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

ამის შემდეგ ყრილობის მეორე და მთავარ საკითხზე “გადავედით”. ხმის მიცემის პროცედურის წინ სიტყვა თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვატო ნაცვლიშვილმა ითხოვა. მისი მოთხოვნით, უნდა მოვიწვიოთ ფიბა-ს წარმომადგენელი, გავმართოთ წესდება და არჩევნები მხოლოდ ამის შემდეგ ჩავატაროთ: “რატომ არ შევცვალეთ წესდება 4 წლის განმავლობაში? ამ წესდებით გამართულ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”.

კენჭისყრამდე თავისი პოზიცია ბესიკ ლიპარტელიანმა და სეოკი-სა და სპორტის სამინისტროს წამომადგენლებმაც გამოთქვეს.

ბესიკ ლიპარტელიანი: “ფიბა-მ გვითხრა, ყრილობა-არჩევნები ჩაატარეთ. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ და არ დავუშვებთ პრეზიდენტის დანიშვნას. აქ საკალათბურთო სამყაროა შეკრებილი და ახალ თავკაცს თავად აირჩევს. თითქმის წლის განმავლობაში ფედერაციაზე ზეწოლა იყო, მაგრამ საკალათბურთო სამყარო ერთ პოზიციაზე დადგა. წესდებაში ცვლილებას რაც შეეხება, აუცილებლად განხორციელდება. ფიბა პროცესებს დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელსაც გამოგვიწვდის. ფედერაციის თავკაცი 2001 წლიდან ვარ, მას შემდეგ მოყოლებული ორგანიზაცია და ქართული კალათბურთი ფეხზე დადგა და იმედია, ახალი ხელმძღვანელობა საქმეს უკეთ წარუძღვება”.

ქალბატონმა გვანცა ომიაძემ ყრილობის გადატანა მოითხოვა, ვატო ნაცვლიშვილმა კი განაცხადა, მეტი ლეგიტიმაციისთვის არჩეული პრეზიდენტი გონივრულ ვადაში შეცვლილი წესდებით ხელახალი არჩევნების დანიშვნას დაგვპირდესო. “დინამოს” პრეზიდენტმა საამისო თანხმობა ვერ მიიღო და დარბაზი დატოვა.

ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ყრილობაზე მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით არიან და წინა წლებისგან განსხვავებით, მათი ორგანიზაციები ფედერაციების საქმიანობაში აღარ ერევიან.

ამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატებს დაეთმოთ სიტყვა, თუმცა სამივე მათგანი საკმაოდ ლაკონური იყო. ვლადიმერ ბოისამ და კახა შენგელიამ განაცხადეს, ჩვენი სამოქმედო გეგმა დიდწილად იდენტურია მიხეილ გაბრიჩიძის პროგრამასთან, ამიტომაც მის სასარგებლოდ ვხსნით კანდიდატურებს და არჩევის შემთხვევაში ახალ პრეზიდენტს ყოველმხრივ გვერდით დავუდგებითო.

მიხეილ გაბრიჩიძესაც ბევრი არ უსაუბრია, თუმცა, ტევადი გამოსვლა გამოუვიდა: “კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ვინმესთვის თავის მოსაწონებლად არ მჭირდება. კალათბურთს 7 წლიდან ვემსახურები და როგორც სპორტში, ასევე ბიზნესში მუხლჩაუხრელ მუშაობას ვარ მიჩვეული. ჩემ პროგრამას ალბათ გაეცანით და ვიმედოვნებ, დასახულ მიზანს ავასრულებ. მომართული ვარ სათანამშრომლოდ, მაქვს ამბიციური გეგმა, მათ შორის რეგიონებთან მიმართებაშიც და ერთობლივი ძალისხმევით ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე უნდა გავიყვანოთ”.

დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა. როგორც გაირკვა მასში მონაწილეობა არ მიიღო თბილისის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლიშვილმა, საკალათბურთო კლუბების, “არმიას” (ფარქოსაძე), “ოლიმპის” (გეგეშიძე), “ქუთაისი 2010”-ის (ლომერ ახვლედიანი), “დინამოს” (ომიაძე), “სოხუმის” (კვარაცხელია), აგრეთვე ქუთაისისა (აბულაძე) და მიხეილ კეკელიძის სახელობის სპორტსკოლის (კეკელიძე) წარმომადგენლებმა.

დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა, დამთვლელი კომისიის წევრმა გია სანაძემ კი შედეგი გამოაცხადა. 32 ბიულეტენიდან 2 ბათილად სცნეს, ერთმა დელეგატმა ხმა მიხეილ ახვლედიანს მისცა, 29-მ კი მის სეხნია ახალ პრეზიდენტ გაბრიჩიძეს.

აქვე გიორგი ქართველიშვილმა ფიბა-დან მოსული კიდევ ერთი წერილის შესახებ გვამცნო. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი ბესიკ ლიპარტელიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის, ახალ პრეზიდენტთან კი თანამშრომლობის სურვილს და იმედს გამოთქვამს.

პრეზიდიუმში ადგილი აწ უკვე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თავკაცმა მიხეილ გაბრიჩიძემ დაიკავა. ბატონმა მიხეილმა გამოცხადებული ნდობისა და პასუხისმგებლობის მინიჭებისთვის დელეგატებს მადლობა გადაუხადა, მოკლე გამოსვლა კი ასე დაამთავრა: “უფალი ფარავდეს ქართულ კალათბურთს”.

ახალმა პრეზიდენტმა გამგეობის წევრები დაასახელა, რომელთაც დელეგატებმა ნდობა გამოუცხადეს. მაშ ასე კალათბურთის ფედერაციის ახალი გამგეობა შემდეგმა 9 წევრმა შეავსო: მიხეილ გაბრიჩიძე, კახა შენგელია, ვლადიმერ ბოისა, გია სანაძე, გივი ბიჭიაშვილი, ვალერი ლომაძე, ნოდარ ქორქია, გიორგი ქართველიშვილი, თემურ დათიკაშვილი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის პოსტზე მერაბ რატიშვილი გიორგი ქართველიშვილმა ჩაანაცვლა.

ყრილობის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მიხეილ გაბრიჩიძეს პრეზიდენტად არჩევა მივულოცეთ, შემდგომ საქმიანობაში წარმატება ვუსურვეთ და სახელდახელო ინტერვიუც ჩამოვართვით: “ნებისმიერი ადამიანი ქართული კალათბურთის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ. აუცილებლად შევხვდები ჩემს მეგობარ მიხეილ ახვლედიანს და საჭირბოროტო საკითხებს განვიხილავთ. საერთოდ, ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებ. ადრეც მითქვამს, ევოლუციის მომხრე ვარ და თანდათან ჩვენს კალათბურთს უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანთ. საამისოდ უპირველესად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ბავშვთა კალათბურთისთვის დიდი ყურადღების დათმობაა აუცილებელი. მადლობა ფედერაციის წინა ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის.

- ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- ალბათ, მთავარ მწვრთნელს გულისხმობთ. ნაკრებს დამრიგებელი შეეცვლება. ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და უპრიანი იქნება, თუკი სერბის ნაცვლად ჩვენი ეროვნული გუნდის გაძღოლას ესპანელს, იტალიელს ან ლიტველს მივანდობთ.”

გავესაუბრეთ ბესიკ ლიპარტელიანსაც. ექსპრეზიდენტმა წარმატება უსურვა მის შემცვლელს, იმედი გამოთქვა, რომ ბატონი მიხეილი ქართული კალათბურთის კარგი თავკაცი იქნება, თავად კი ფედერაციის ახალი მესაჭის გვერდით დგომას დაჰპირდა, თუკი, რასაკვირველია, საამისო სურვილს გაბრიჩიძეც გამოთქვამს.

0.312146