საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-19 ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში, დაძაბული გამოდგა თსუ-“ბათუმის” შეხვედრა. მართალია, ფავორიტად თსუ ითვლებოდა, მაგრამ “ბათუმმა” მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და სამი მეოთხედის შემდეგ, ტაბლოზე 67:67 დაფიქსირდა. გადამწყვეტი გამოდგა მეოთხე, დასკვნითი მეოთხედი, რომელიც სტუდენტებმა 33:19 მოიგეს და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს. სტუდენტების წარმატებაში, ყველაზე დიდი წვლილი 26 წლის უკანახაზელმა მიხეილ ფანჩულიძემ შეიტანა, რომელმაც ყველაზე მეტი - 31 ქულა დააგროვა. მე-4 მეოთხედში იგი შეუჩერებელი იყო და ზედიზედ ოთხი სამქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში, მთლიანობაში კი, 8-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.
“მსოფლიო სპორტი” მესამე ტურის საუკეთესო კალათბურთელ მიხეილ ფანჩულიძეს ამ მატჩის შემდეგ ესაუბრა.
- თქვენი აზრით, რატომ დაგასახელეს ტურის საუკეთესო კალათბურთელად?
- ალბათ, იმიტომ, რომ მეოთხე მეოთხედში შორი მანძილიდან სროლები წამივიდა და რამდენიმე სამქულიანი მოვათავსე მეტოქის კალათში.
- მეოთხე მეოთხედში მატჩის ბედი გაურკვეველი იყო. ამ შეხვედრაში ფავორიტად თსუ ითვლებოდა და რატომ გაუჭირდა მოგება?
- მე არ ვთვლი, რომ ამ შეხვედრაში თსუ ფავორიტი იყო. თსუ ტანმაღალი კალათბურთელების ნაკლებობას განიცდის, რასაც ვერ ვიტყვით “ბათუმზე”, რომელსაც ორ მეტრზე მეტი სიმაღლის რამდენიმე კალათბურთელი (როდუმტა- 212სმ, იმნაძე – 208სმ, მამუკა ბოლქვაძე 204 სმ) ჰყავს. ამ შეხვედრაში, თსუ-ს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი დავით ბარბაქაძე – 203 სმ. ამავე მიზეზით, ამ ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშია ლუკა შანიძეს - 200 სმ. “ბათუმთან” შეხვედრის მეორე მეოთხედში, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაფრინდაშვილმა მიიღო ფეხის ტრამვა და შეხვდრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამიტომ გაგვიჭირდა მატჩის მოგება.
- თსუ შარშანაც ბარბაქაძისა და შანიძის გარეშე თამაშობდა, მაგრამ ნახევარფინალამდე მიაღწია. კონკრეტულად, რის ხარჯზე მოახერხეთ “ბათუმის” დამარცხება?
- ტანმაღალი კალათბურთელებით დაკომპლექტებული “ბათუმის” წინააღმდეგ, ჩვენი კოზირი - შორიდან სროლები გამოვიყენეთ, რომელმაც გაამართლა და ამის ხარჯზე მოვახერხეთ “ბათუმის” დამარცხება.
- მომდევნო, მეოთხე ტურში, თსუ-ს მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ენერჯი ინვესტი” იქნება. ამ შეხვედრის შესახებ რას გვეტყვით?
- ამ შეხვედრაში, ორივე გუნდის შანსებს 50-50 –ზე ვაფასებ. მართალია, ამ სეზონში დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში დავმარცხდით “ენერჯი ინვესტთან” შეხვედრაში, მაგრამ იმის შემდეგ ფორმაში შევედით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამჯერად, თბილისში ვთამაშობთ. მოგეხსენებათ, რომ რუსთავში თამაში ძალიან ძნელია.
- თქვენ ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარეთ და საქართველოს 2008-2009 წლების საკალათბურთო სეზონი გამოტოვეთ. თუ საიდუმლო არ არის, ოკეაინის გაღმა, რას საქმიანობდით?
- ნიუ იორკის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტი დავამთავრე ფინანსური ანალიზის განხრით.
- ამჟამად თუ მუშაობთ თქვენი სპეციალობით?
- ცოტა ხნის წინ დავიწყე მუშაობა “სახალხო ბანკში”.
- კალათბურთს და ბანკში მუშაობას უთავსებთ ერთმანეთს?
- ჯერჯერობით, ვუთავსებ და მერე რა იქნება, არ ვიცი.
- მოვა დრო, როცა კალათბურთსა და საბანკო საქმიანობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
- მაგ თემაზე არ მიფიქრია. ისე კი, ვგრძნობ, რომ არჩევანის გავაკეთება ძალიან გამიჭირდება
როლანდ ლაბუჩიძე