თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსთავის “ენერჯი-ინვესტმა”, დუდუ დადიანის 2009 წლის მემორიალი და მე-19 ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე ისე დაასრულა, ერთი შეხვედრაც არ წაუგია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვემოქართლელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის სახით, ქართულ კალათბურთს ნიჭიერი სპეციალისტი შეემატა.
საქმე მარტო თამაშის მოგება არ გახლავთ - ბერუაშვილის მომზადებული “ენერჯი-ინვესტი” სანახაობრივად ლამაზ თამაშს აჩვენებს და ქართული კალათბურთის აქილევსის ქუსლად ქცეულ დაცვაშიც კარგად გამოიყურება. გთავაზობთ ინტერვიუს “ენერჯი-ინვესტის” მთავარ მწვრთნელთან, მიხეილ ბერუაშვილთან.
- თავიდან, თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.
- დავიბადე 1970 წლის 21 მაისს, ქალაქ რუსთავში. ვთამაშობდი ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოასპარეზე თბილისის “დინამოს” დუბლებში, რუსთავსა და თბილისის “ვითაში”. გამოვდიოდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ვარ საქართველოს ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი. ამპლუა - ცენტრალური თავდამსხმელი.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ანუ 2003 წლიდან, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე ქვემო ქართლის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია. შემდეგ დავიწყე მწვრთნელობა. “ენერჯი-ინვესტსა” და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის თანაშემწე, ახალი, 2009-2010 წლის სეზონის დაწყების წინ კი, “ენერჯი-ინვესტი” ჩავიბარე.
- გუნდიდან წასული მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილისა და 4 წამყვანი კალათბურთელის (ლაშა გამყრელიძის, დავით უგრეხელიძის, ბესიკ ლეჟავასა და რეზო დიდიას) გარეშე დარჩენილი “ენერჯი-ინვესტი”, პროგნოზების საწინაამღდეგოდ, მაინც კარგად თამაშობს და მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში როგორ მოახერხეთ ისეთი ბრძოლისუნარიანი გუნდის გაკეთება, რომელმაც, ჯერჯერობით, წაგება არ იცის?
- თუ არ ჩავთვლით უკანახაზელ მიხეილ ჩიტაშვილს, რომელიც მალევე წავიდა ირანში სათამაშოდ, ახალი არც არავინ დაგვიმატებია და აქცენტი რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილებზე გავაკეთეთ, რომლებიც ბავშვობიდან ერთად თამაშობენ.
- პირველ წრეში ჩატარებული მატჩებიდან რომელს გამოარჩევდით?
- გამოვარჩევდი “ბათუმთან”, შსს-თან, თსუ-თან და საუ-თან ჩატარებულ შეხვედრებს, რომლებიც “ენერჯი-ინვესტის” უშუალო კონკურენტები არიან.
- ყველაზე მეტად “ბათუმის” დამარცხება გაგიჭირდათ. დამატებით დროში მოუგეთ...
- “ბათუმს” პირველი წრის მე-2 ტურში შევხვდით. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ ტურში ძალიან სუსტ გუნდს, “მერანს” ვეთამაშეთ, შეიძლება ითქვას, რომ “ენერჯი-ინვესტის” ახალმა შემადგენლობამ, პირველი სერიოზული მატჩი “ბათუმთან” ჩაატარა. ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ერთმანეთთან შეუთამაშებლები იყვნენ და მატჩის მოგება ამიტომ გაგვიჭირდა.
- საბოლოოდ რის ხარჯზე შეძელით ბათუმის დამარცხება?
- ზღვისპირელებს ფიზიკურ მომზადებაში ვაჯობეთ.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ “ენერჯი-ინვესტი” გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობს, ბევრს ეგონა, რომ პირველი წრის დასრულების შემდეგ, ცენტრს დაიმატებდით. პროგნოზების საპირისპიროდ, თქვენ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეთ და გუნდში უკანახაზელი (ანატოლი ბოისა, “თბილავიამშენი”) და ფორვარდი (გიორგი პირველაშვილი, “თბილავიამშენი”) აიყვანეთ. რით ახსნით თქვენს ამ გადაწყვეტილებას?
- დავიწყოთ იმით, რომ “ენერჯი-ინვესტისთვის” ცენტრში პრობლემას ვერ ვხედავ. მართალია, გამოკვეთილი ცენტრები არ არიან, მაგრამ მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევენ ზვიად ბაბიაშვილი და ჟოლივეტ ტუჯანი (მათი სიმაღლე ორ მეტრს არ აღემატება - რ. ლ.). რაც შეეხება ბოისასა და პირველაშვილს, ტოლიკა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და გამოცდილი კალათბურთელია, შესაბამისად, მშობლიური ქალაქის გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს; ხოლო გიორგის მე-4 ნომერზე დავაყენებ, სადაც გამოუცდელ ლევან ხმელიძეს უწევდა თამაში.
- “ენერჯი-ინვესტიდან”, პირველი წრის შემდეგ, რომელი კალათბურთელების თამაშს გამოარჩევდით?
- გამოცდილი კალათბურთელებიდან - ბაბიაშვილის, ტუჯანისა და ეროვნული ნაკრების წევრის, კოტე ტუღუშის, ხოლო ახალგაზრდებიდან - მიხეილ ჭოჭუას, ლევან ცეკვავასა და დავით არწივიძის თამაშს გამოვარჩევდი.
- და ბოლოს, ახალი კალათბურთელების დამატებას კიდევ ხომ არ აპირებთ?
- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, როგორ ითამაშებს გუნდი მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალსა და თასზე. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.
როლანდ ლაბუჩიძე