ახლოვდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2013 წლის შემოდგომით უნდა ჩატარდეს. შეგახსენებთ, ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, ვეტერან კალათბურთელ ბესიკ ლიპარტელიანს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ასევე ვეტერანი კალათბურთელის მიხეილ ახვლედიანის სახით, რომელიც “კალათბურთელთა კავშირის” მიერ არის წარდგენილი.
10 აგვისტოს, 14 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაა დაგეგმილი.
9 აგვისტოს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” საპრესკონფერენციო დარბაზში “კალათბურთელთა კავშირის” მიერ მასმედიასთან შეხვედრა მოეწყო, რომელიც ზემოთ ნახსენებ ყრილობასა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ შედგენილ წესდებას მიუძღვნა.
პრესკონფერენციას ახვლედიანი უძღვებოდა, რომელსაც ვეტერანი კალათბურთელები, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გურამ მინაშვილი და ევროპის ჩემპიონი ზურაბ გრძელიძე ესწრებოდნენ.
მიხეილ ახვლედიანი: “საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი თანამდებობაზე მოსვლის დღიდან ფიბასთვის მიუღებელი წესებით ატარებს არჩევნებს და მომავალშიც ასევე აპირებს გაგრძელებას. ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ. ვამტკიცებთ და მომავალშიც დავამტკიცებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბას აცდენილი წესებით მოქმედებს.
უნდა იცოდეთ, ბოლო 9 თვის განმავლობაში რა ხერხებით აღარ ცდილობს ლიპარტელიანი საპრეზიდენტო სავარძლის შენარჩუნებას. მარტო ზემოთ ნახსენები დროის განმავლობაში 9 ორგანიზაცია (კახეთის კალათბურთის ფედერაცია, თბილისის კალათბურთის ფედერაცია, საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი, საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი, აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია, შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის განვითარების ცენტრი, იმერეთის კალათბურთის ფედერაცია, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაცია) შეაკოწიწა, რომლებსაც ხვალინდელ ყრილობაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიჭებას უპირებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხვალინდელი ყრილობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები. ერთი სიტყვით, ლიპარტელიანი მომავალი არჩევნების ისეთი ხერხებით გაყალბებას აპირებს, არჩევნების ცნობილ გამყალბებელ, ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს (“ნაციონალური მოძრაობა”) აზრადაც არ მოუვა თავში.”
ჩვენი დევიზი ცნობილი ქართველი მწვრთნელის სულიკო თორთლაძის სიტყვებია - “შეუტიეთ ბიჭებო, ქართულად შეუტიეთ”.
ზურაბ გრძელიძე: “კალათბურთელთა კავშირის სახელით დიდ მადლობას ვუხდი მიხეილ ახვლედიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქართულ კალათბურთში წესრიგი დამყარდეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”.
გურამ მინაშვილი: “საკმაოდ ასაკოვანი, 77 წლის კაცი ვარ. არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ქართულ კალათბურთს პრობლემები ჰქონდეს. მე არ მომწონს ამჟამინდელი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობა და პროტესტის ნიშნად, გამგეობა დავტოვე”.