ბუნდესლიგის პირველი ტურის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა დორტმუნდის “ბორუსია”. საკმაოდ ახალგაზრდა გუნდით იურგენ კლოპმა იმდენი მოახერხა, რომ დორტმუნდელები ზამთრის შესვენებამდე მე-5 პოზიციაზე მყოფები მიიყვანა. “ბორუსიას” პერსპექტივებზე, პოტენციასა და პრობლემებზე კლუბის ოფიციალურ საიტს სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი ესაუბრა.
- პირველმა წრემ წარმატებით ჩაიარა – გუნდი ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილე წარმატებით აღნიშნეთ (“ბორუსიას” 100 წელი 2009 წლის 19 დეკემბერს შეუსრულდა). ხომ არ ფიქრობთ, რომ საზეიმო განწყობას შეეძლო გუნდზე უარყოფითად ემოქმედა?
- (იცინის) ასეთი სიტუაცია იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად ბევრს ვიზეიმებდით. მაგრამ ახლა ყველაფერს ვაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, სიტუაციას კვლავ გაგვირთულებს საკადრო პრობლემები, რადგან ისეთი ფეხბურთელები გვაკლია, როგორებიც არიან ტინგა, ჰაინალი, კელი, ფოილნერი, რანგელოვი და იოზტეკინი. მაგრამ მაინც შევეცდებით ჩვენი სათამაშო რიტმის პოვნას და იმ ფეხბურთის ჩვენებას, რომელსაც პირველი წრის ბოლო პერიოდში ვაჩვენებდით. სხვა გუნდებისგან ბოლო დროს მაღალ ტემპში თამაში განგვასხვავებდა.
- კმაყოფილი ხართ მარბელიაში გატარებული მოსამზადებელი შეკრებით?
- ტექნიკური მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წვიმდა. ვთვლი, რომ გუნდმა კარგი მომზადება გაიარა. გუნდის კვლავ ერთად შეკრება მნიშვნელოვანი იყო. მოსამზადებელი შეკრებები მხოლოდ ფეხბურთელთა ვარჯიშს კი არ ისახავს მიზნად, არამედ გუნდის ერთიანობის გამყარებასაც. ამ მიზანს მარბელიას შეკრების დროს მივაღწიეთ.
- “ბორუსიამ”, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა გუნდია, ბუნდესლიგის ბოლო 10 მატჩი წაუგებლად ჩაატარა, თან უმეტესობა მათგანში ძალზე კარგი ფეხბურთი აჩვენა. გჯერათ, რომ გუნდი მეორე წრეშიც მოახერხებს ასევე წარმატებით თამაშს?
- ბოლო დროს ყველაფერი მართლაც ძალზე კარგად მიდის. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაშვებული არაერთი შეცდომის გამო, საკმაოდ ცუდი სტარტი გვქონდა. მეორე წრეში გადამწყვეტი იქნება, თუ რამდენად სწრაფად ვიპოვით საკუთარ სათამაშო რიტმს. ჩვენ არ გვაქვს დიდი სათადარიგოთა სკამი, მაგრამ ყველანაირად უნდა შევეცადოთ ტრავმებისგან თავის არიდებას. გახშირებულმა ტრავმიანობამ პირველ წრეში ბევრი დაგვაკლო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის კაპიტან, სებასტიან კელის საერთოდ არ უთამაშია, ხოლო გასული სეზონის საუკეთესო გამთამაშებელი, ტომაშ ჰაინალი უკვე დიდი ხანია რაც გვაკლია. მაგრამ უახლოესი დროის განმავლობაში გუნდს რამოდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდება და კონკურენციაც მოიმატებს.
- სებასტიან კელი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარჯიშობს. რა ისმის მისგან?
- ბოლოს მასთან საუბარი გამგზავრების დღეს მქონდა. ვთვლი, რომ მკურნალობის კურსის აშშ-ში გავლის გადაწყვეტილება მართებული იყო. სებასტიანი იქ უფრო ინტენსიურად ივარჯიშებს. იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს იგი მალე დაუბრუნდება.
- მიუხედავად ანგოლაში ტოგოს ნაკრებთან დაკავშირებული ტრაგედიისა, თქვენი ფეხბურთელი, მოჰამედ ზიდანი აფრიკის თასზე მაინც ასპარეზობს...
- ჩვენ მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ. როგორც გავიგეთ, ეგვიპტის ნაკრები ტრაგედიის ადგილიდან საკმაოდ მოშორებითაა დაბანაკებული. დაგვარწმუნეს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
- აფრიკის თასზე ასპარეზობის გამო ზიდანი
“ბორუსიაში” მეორე წრის საწყის შეხვერებში ვერ ითამაშებს. ვინ უნდა შეცვალოს იგი, ნელსონ ვალდესმა?
- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ნელსონმა ამ პოზიციაზე მოსამზადებელ მატჩებში და ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვალდესის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჩვენი შემადგენლობა ბოლო პერიოდში არ დასუსტებულა.
- რა აზრით ხართ საერთოდ აფრიკის ერთა თასზე?
- ჩემთვის ესაა უსარგებლო ტურნირი. იგი ტარდება იმ დროს, როდესაც ევროპულ ლიგებში გადამწყვეტი მატჩები იმართება. გარდა ამისა, ტურნირი 2 წელიწადში ერთხელ იმართება. სამწუხაროდ ასეთი გადაწყვეყიტილება იქნა თავის დროზე მიღებული.
- როგორ შეაფასებდით 2010 წლის პირველ მატჩში თქვენს შანსს? გუნდს კვირას კიოლნში უწევს თამაში...
- რა თქმა უნდა, წლის წარმატებით დაწყებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. “კიოლნი”, რა თქმა უნდა, სატურნირო ცხრილში იმ ადგილზე არ იმყოფება, რომელზეც მის გულშემატკივრებს სურდათ გუნდის ხილვა. “ვოლფსბურგთან” და “ჰოფენჰაიმთან” გამარჯვებით დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. მეორეს მხრივ, “მაინცთან” საკუთარ მოედანზე ფრედ ვითამაშეთ. თუ ჩვენი თამაში ჩვენებას ვერ მოვახერხებთ, პრობლემები სუსტ გუნდებთან შეხვედრებშიც გვექნება.
- რა შანსი გაქვთ მე-5 ადგილის ბუნდესლიგის დასრულებამდე შენარჩუნების? ცოტა ხნის წინ ოტმარ ჰიცფელდმა განაცხადა, რომ “ბორუსია” შესაძლოა ჩემპიონიც კი გახდეს...
- (იცინის) ეს იყო სახუმარო ჟესტი კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ოტმარ ჰიცფელდი ძალიან თავაზიანი ადამიანია. ახლა კი სერიოზულად: ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურება, თუმცა სატურნირო ცხრილში კონკრეტული ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით მიზნები არ გვაქვს. ჩვენი მიზანია მიმზიდველი და აგრესიული ფეხბურთის თამაში. ბოლო თვეების განმავლობაში დასახულ მიზანს ვაღწევთ და თუ ასე განვაგრძობთ, შედეგებიც იქნება.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა