დიდი ტრადიციის მქონე საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები 1966 წელს ინგლისში შერცხვა, 1970 და 1974 წლების მუნდიალებმა კი სულაც მის გარეშე ჩაიარა. და ამ დროს ნაკრების სათავეში მიშელ იდალგო მოდის, რომლის სახელთანაც სრულიად სამართლიანად ასოცირდება ფრანგული ფეხბურთის რენესანსი. 1978 წელს არგენტინაში ფრანგებს ურიგოდ არ უთამაშიათ, თუმცა, “სიკვდილის ჯგუფიდან” გასვლა ვერ მოახერხეს (მომდევნო ეტაპზე მომავალმა ჩემპიონმა და იტალიამ გააღწიეს), 1982 წელს ესპანეთის სტადიონებზე იდალგოს კრებულმა ბევრი დაუვიწყარი წუთი აჩუქა საფეხბურთო გურმანებს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ჩატარებული ნახევარფინალი კი დავიწყებას არასდროს მიეცემა. 1984 წელს კი მიშელ იდალგომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს პირველად მოაგებინა ევროპის ჩემპიონატი. მეხუთე რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები, ტიტულებისა და ავტორიტეტის მოპოვებასთან ერთად, ხუთივე კონტინენტის გულშემატკივართა გულს შემტევი, ლამაზი, რომანტიკული ფეხბურთით ინადირებდა, მიშელ პლატინის, ალენ ჟირესის, ჟან ტიგანასა და მათი პარტნიორების თამაშს კი მუსიე იდალგო უნარიანად დირიჟორობდა. იდალგოს მიერ დაწყებულ საქმეს ბრწყინვალე გაგრძელება მოჰყვა – ფრანგებმა ჯერ სამშობლოში ჩატარებული მსოფლიოს პირველობა მოიგეს, შემდეგ ჰოლანდია-ბელგიის 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიას სძლიეს, ასევე აქტივში უნდა ჩავუთვალოთ სამფეროვნებს მუნდიალ2006-ის ფინალში გასვლა. წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი კი დიდი შანსია ფრანგებისთვის ჯგუფურ ეტაპზევე დასრულდეს. 77 წლის მიშელ იდალგო ამჟამად სამხრეთ აფრიკაშია და საკუთარ სამუნდიალო შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
- რით ახსნით საფრანგეთის ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას?
- რაიმონ დომენეკის გუნდი მწყობრი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს. აშკარად იგრძნობა მოძრაობის ნაკლებობა და რამდენადაც მტკივნეულად არ უნდა აღიქვან ფეხბურთელებმა, მათ თამაშის სურვილსა და ჟინს ვერ ვატყობ. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი მხარე მოიკოჭლებს, რაც ჩვენი ფეხბურთისთვის ყოველთვის ძლიერ მხარედ ითვლებოდა. როდესაც მინდორზე გასული მოთამაშე ასპარეზობისგან სიამოვნებას ვერ იღებს, იგი გახარებულს ვერც მაყურებელს დატოვებს და შედეგიც სავალალო იქნება. სულაც არაა აუცილებელი, უძლიერესმა გაიმარჯვოს – ხშირად მოგებული ის გუნდი რჩება, რომელიც მოწინააღმდეგეზე უკეთაა ორგანიზებული და საბრძოლველად განწყობილი.
- ორგანიზება და მოტივირება ხომ მწვრთნელის უპირველესი ფუნქციაა?
- რასაკვირველია. ამიტომაც ძირითად პასუხისმგებლობას რაიმონ დომენეკს ვაკისრებ. სწორედ მან შეარჩია ერთპიროვნულად სამუნდიალე განაცხადი, ტაქტიკური მონახაზიც და თამაშის აწყობაზე ზრუნვაც მისი ვალდებულებაა. ვერაფრით ამიხსნია, რატომ არ თამაშობს ტიერი ანრი. იგი ხომ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია და მისი ოსტატობა გუნდს დღესაც ძალიან გამოადგება. დომენეკმა კი მუნდიალის სასტარტო მატჩში ანრი მინდორზე 72-ე წუთზე შეუშვა, მექსიკელებთან დაპირისპირებისას კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ჩემი ღრმა რწმენით, ტიერი მინიმუმ ტაიმს მაინც უნდა თამაშობდეს. ნაკრები მუდმივად აგებს ბურთს, როცა მის კართან კუთხური ინიშნება. არანაირი კავშირი არ იგრძნობოდა ფრანკ რიბერისა და ნიკოლა ანელკას შორის. ადრე რიბერი ენთუზიაზმის, სწრაფი და შთაგონებით თამაშის სიმბოლოდ გვევლინებოდა, მიმდინარე მუნდიალზე კი იგი მცირედით კმაყოფილდება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შედეგიც მაინცადამაინც დიდად არ ანაღვლებს. არადა, ყოველი მატჩი ცხოვრების ნაწილია და მისი უნიათოდ ჩატარების უფლება მაღალი დონის პროფესიონალს არ აქვს.
- მთლიანად ტურნირზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- ჯერჯერობით საბოლოო დასკვნის გაკეთების დრო არ დამდგარა, პირველმა მატჩებმა კი გაცილებით უკეთესის სურვილი დამიტოვეს. გუნდების არსენალში ძალიან ცოტაა ლამაზი, მომზადებული შეტევა. პრაქტიკულად ყველა ნაკრები უპირველესად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ძირითად აქცენტს ბურთის სტანდარტული მდგომარეობებიდან გათამაშებას უთმობს.
- ამის მიუხედავად, ყველაზე მეტად რომელი ეროვნული გუნდი მოგეწონათ?
- კარგი შთაბეჭდილება დატოვა არგენტინამ სამხრეთ კორეასთან შეხვედრაში. ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი შემადგენლობა დიეგო მარადონას ჰყავს. მოგების მიუხედავად, ვერაფრით გამახარეს ბრაზილიელებმა. ესპანეთს რაც შეეხება, მუნდიალის სტარტამდე პირენელებს ლამის უპირველეს ფავორიტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ისეთი თამაშით, როგორიც დელ ბოსკეს კრებულმა შვეიცარიასთან აჩვენა, ევროპის ჩემპიონები შორს ვერ წავლენ.
გოჩა კაჭარავა