ბრიტანული გამოცემა mirror-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი კარიერას ამერიკულ "ნიუ-იორკ სიტიში" გააგრძელებს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ლონდონელებთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და როგორც ჩანს, ლამპარდი ჟოზე მოურინიოს ინტერესში აღარ შედის.
ბრიტანული წყარო იმასაც იუწყება, რომ 35 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება ახალ კლუბში გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე "ჩელსიში" ყოფნის დროს. ლამპარდი კვირაში 150 ათას გირვანგას გამოიმუშავებდა.
აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ დავიდ ვილიამ და ფრენკ ლამპარდმა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და კლუბს მუნდიალის შემდეგ მიაშურებენ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული კლუბი “მანჩესტერ სიტის" მფლობელების დაარსებულია.
ფრენკ ლამპარდი ლონდონის ჩელსიში უკვე 13 წელია იმყოფება. 2001 წელს "არისტოკრატებმა" ნახევარმცველი "ვესტ ჰემისგან" 11 მილიონ გირვანქად იყიდეს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და 7 გოლთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
გიორგი ბალახაძე