ინტერვიუები

16:33 | 27.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მიროსლავ კლოზე: “ნახევარფინალის დროს “ჯაშუში” ვიქნები”

 

ხვალ ევროპირველობაზე პრინციპული მეტოქეებისა და კონტინენტის ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული გუნდების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და იტალიის ნაკრებთა სანახევარფინალო დაპირისპირება ჩატარდება. გერმანელთა წინასამატჩო განწყობის შესახებ წარმოდგენას ბუნდესმანშაფტის ცენტრფორვარდ მიროსლავ კლოზესთან ინტერვიუ შეგიქმნით. მან გასული სეზონი რომის “ლაციოში” გაატარადა პარტნიორთაგან იტალიურ ფეხბურთს ყველაზე კარგად იცნობს. შეგახსენებთ, კლოზეს 120 სანაკრებო შეხვედრაში 64 გოლი აქვს გატანილი და რეალური შანსი აქვს, ალემანთა ეროვნული გუნდის საუკეთესო გოლეადორი გახდეს. ამისთვის მან კიდევ 5 ბურთი უნდა გაიტანოს გერმანელთა უპირველესი გუნდის მაისურით გამოსვლისას. თუმცაღა გერდ მიულერის უნიკალური მიღწევის გაუმჯობესებაზე საუბარი წარმოუდგენელია – “ერის ბომბარდირად” წოდებულმა ცენტრფორვარდმა ხომ 68 სანაკრებო გოლი... 62 მატჩში გაიტანა. 
 
- ჩვენ ბევრს და ნაყოფიერად ვვარჯიშობთ. წვიმიანი და ქარიანი ამინდი ხელს კი გვიშლის, მაგრამ ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის ყველა მითითების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებას ვცდილობთ. დარწმუნებული ვარ, იტალიასთან პირისპირ სათამაშოდ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გავალთ მინდორზე.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ გდანსკზე, ამ ქალაქში სამკვირიანი ცხოვრების შემდეგ?
- ყველაფერი მაღალ დონეზეა. კომფორტულ სასტუმროში ვიყავით განთავსებული, რომელიც სავარჯიშო მოედანთან ახლოსაა. ერთადერთ უხერხულობას ამინდი გვიქმნიდა, მაგრამ ავდრის წინაშე ყველა უძლურია, მათ შორის ტურნირის ორგანიზატორებიც. 
- იტალიელებზე გარკვეული კლიშეა ჩამოყალიბებული. მაგალითად დანარჩენ ევროპაში მიაჩნიათ, რომ აპენინელები ზარმაცები არიან. თქვენ წელიწადი იცხოვრეთ რომში. შეგიძლიათ დაადასტუროთ ან უარყოთ იტალიელთა იმიჯი?
- კატეგორიულად არ ვეთანხმები თვალსაზრისს იტალიელთა ზარმაცობის შესახებ. ისინი ყოველთვის ცდილობენ მინდობილი საქმე საუკეთესოდ შეასრულონ. ეს მათი სახის გამომეტყველებიდანაც ჩანს. ისე კი, ჩრდილოელი და სამხრეთელი ადამიანი ერთმანეთისგან ტემპერამენტით განსხვავდება. აპენინის ნახევარკუნძულზე პროფესიონალიზმისა და პუნქტუალობის სხვა მცნებებია, გერმანულისგან განსხვავებული. 
- მრავალწლიანი გერმანული კარიერის შემდეგ რომის “ლაციოში” ამოჰყავით თავი. რამდენად სასარგებლოა თქვენთვის სერია A-ში თამაში?
- გასულმა სეზონმა ძალიან ბევრი რამ მომცა. უცხოურ კლუბში გადასვლა მეტად სასარგებლო შეიქნა როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული ასპექტით. ჩემი ოჯახის წევრები რომში თავს მშვენივრად გრძნობენ, მე კი იქაურ გულშემატკივრებში პოპულარული ვარ. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, იტალიაში გადასვლამდე ბევრი მსმენოდა იმის თაობაზე, რომ იქაური ფეხბურთი განსაკუთრებით თავდაცვითია, თუმცა, ეს სტერეოტიპი მალე გამიქარწყლდა.
- ბონუჩისა და ბარძალის წინააღმდეგ გითამაშიათ. შეგიძლიათ რაიმე სახის რჩევა მისცეთ იოაჰიმ ლიოვს?
- ლეონარდო ბონუჩისა და ანდრეა ბარძალის პირისპირ “იუვენტუსთან”, რომში ვითამაშე. სამწუხაროდ ის შეხვედრა “ლაციომ” 0:1 წააგო. ისე კი, ჩემი საქმე არაა მთავარი მწვრთნელის საქმეში ჩარევა. მან ფეხბურთელებზე უკეთ იცის მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები. გერმანიას ძალიან ძლიერი ეროვნული გუნდი ჰყავს და თუ მაქსიმალურ შესაძლებლობებთან მიახლოებას შევძლებთ, იმ მატცში ჩვენი დამარცხება ურთულესი რამაა.
- იტალიაში მორიგი საფეხბურთო სკანდალია აგორებული. ამ ფონზე “სკუადრა აძურას” ევროპირველობაზე წარმატებული თამაში არ გაკვირვებთ?
- მიჭირს თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა. იტალიაში, ეტყობა, საკმარისზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ვიცხოვრე, რათა მათი მოქალაქეების ფენომენი ბოლომდე შემასწავლა და გამეგო. მაინცა და მაინც ჩემი ახსნა თუ გაინტერესებთ, ფეხბურთელები, ალბათ, მხოლოდ ვარჯიშსა და წვრთნაზე არიან კონცენტრირებულნი და ნაკლებს ფიქრობენ სკანდალზე.
- ბევრისთვის მოულოდნელად, იტალიელებმა ინგლისთან გამოკვეთილად შემტევი ფეხბურთი ითამაშეს...
- თუკი მოწინააღმდეგე დიდი ძალით იხევს უკან, საკუთარი კარის დასაცავად, ლამის იძულებული ხდები შეუტიო. იტალიელები ტექნიკურები არიან და ბურთსაც კარგად ფლობენ. ეს მათ მოწინააღმდეგეს ფრთხილ, დაცვით თამაშს აიძულებს. თუმცა, ჩეზარე პრანდელის გუნდს სისუსტეებიც აქვს. ისინი ვიცით და ამ ნაკლოვანობების გამოყენებას შევეცდებით.
- ესპანეთის ნაკრებმა რამდენიმე მატჩი გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე ჩაატარა. არ გაშინებთ, რომ ცენტრფორვარდის ამპლუა სამომავლოდ შევიწროებული აღმოჩნდეს?
- არ მგონია, ცენტრფორვარდის მცნებას რაიმე საშიშროება ემუქრებოდეს. თავდამსხმელები ყოველთვის და ყველა გუნდში მნიშვნელოვან ფუნქციებს სამომავლოდაც შეასრულებენ. ბოლოს და ბოლოს, ვინმემ ხომ უნდა დაასრულოს ნახევარმცველთა წამოწყებული შეტევა.
- ევროპირველობის მსვლელობისას “სკუადრა აძურა” სამი მცველით თამაშიდან ოთხი უკანახაზელით გამოსვლის ტაქტიკაზე გადავიდა. მომავალი მოწინააღმდეგის სხვა ცვლილებების დასაძლევადაც მზად ხართ?
- მზად ვართ, იტალიელთა დაცვის ნებისმიერი მოდელის წინააღმდეგ ეფექტურად ვითამაშოთ. გერმანიის ნაკრებმა იცის, ყოველ კონკრეტულ მომენტში როგორ მოიქცეს. არ მგონია, იტალიამ ტაქტიკური სიურპრიზი მოგვიწყოს.
- იტალიური გესმით?
- წლის განმავლობაში ვისწავლე. მინდორზე თავისებური “ჯაშუში” ვიქნები და საჭიროების შემთხვევაში პარტნიორებს იტალიელი ფეხბურთელების საუბარს ვუთარგმნი. თუმცა, ჩემი თანდასწრებით იტალიელები მოერიდებიან ხმამაღლა საუბარს და ერთმანეთს ჩურჩულით მიმართავენ.
 
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
0.121183