ინტერვიუები

10:18 | 10.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

მირონ მარკევიჩი: “გულშემატკივარს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს”

უკრაინის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელიც პარალელურად ხარკოვის “მეტალისტის” თავკაცობასაც განაგრძობს, თავის ბოლო ინტერვიუში საუბრობს მის ხელფასთან დაკავშირებულ ჭორებზე, პრეზიდენტის საჩუქარზე, ფეხბურთელებისთვის გულშემატკივართა მნიშვნელობაზე და უკრაინის ჩემპიონატის კალენდარზე.
- ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე დაკომპლექტებულია?
- დიახ, ჩემთან ერთად იმუშავებენ იური კალიტვინცევი, ალექსანდრ ხაცკევიჩი და პაველ სირენკო. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელი იქნება ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებაზე და გამოჯანმრთელებაზე. შტაბში ასევ იქნებიან მეკარეების მწვრთნელი ანდრეი კუდიმოვი, ექიმები ხუდაევი და მედვედევი, ასევე მასაჟისტები.
- როგორ მოხდება ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა?
- სკურპულოზურად შევისწავლით იმ ფეხბურთელთა შესაძლებლობებს, რომლებიც ნაკრებში მოხვედრის კანდიდატები იქნებიან. ფეხბურთელთა გარკვეული წრე ჩვენთვის ასე თუ ისე ცნობილია და ახლა ვიწყებთ თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მუშაობას. დავესწრებით მათ თამაშებს, რათა უკეთ შევისწავლოთ ისინი.
- იმუშავებს ნაკრებთან ერთად საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი, რომელიც იზრუნებს თითოეული ფეხბურთელის შესახებ ვიდეომასალის მოძიებაზე?
- ეს ძალზე საჭირო და აუცილებელი რამაა. ჩემთვის ამაში ახალი არაფერია. ხარკოვის “მეტალისტში” საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევთ მეტოქის შესწავლას, საკუთარი თამაშის ანალიზს, ფეხბურთელთა შეცდომებზე ყურადღების გამახვილებას.
- პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება იქნება 60 ათასი დოლარი. რამდენად შეესაბამება ეს თანხა სინამდვილეს?
- არც კი ვიცი საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. არც მე და არც ფედერაციის წარმომადგენლებს თანხა არ გაგვიხმაურებია და უცებ ჩნდება კონკრეტული ციფრი, რომელიც აშკარად გაზვიადებულია. უფრო დიდი აბსურდის წარმოდგენა არც კი შემეძლო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ჩემი ხელფასის ოდენობა შეთანხმებულია, მაგრამ იგი გაცილებით ნაკლებია თქვენს მიერ დასახელებულ თანხაზე. ვერ ვხვდები, ვის აწყობს ასეთი ჭორების გავრცელება. მე და ჩემი ახლობლები აღშფოთებულნი ვართ და შესაძლოა მომავალში სასამართლოშიც კი ვიჩივლო ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.
- არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა დაბადების დღეზე “მერსედესის” მარკის ავტომობილი გაჩუქათ?
- ეს სიმართლეა. საქმე ისაა, რომ ადრე მემსახურებოდა სამსახურის მანქანა, “შკოდა”, ახლა კი პრეზიდენტმა “მერსედესი” მაჩუქა, რომელსაც ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვიყენებ. ასევე დამინიშნეს მძღოლი, რომელიც ჩემთან იმუშავებს გასვლითი მატჩების დროსაც. ამის გამო პრეზიდენტს მადლობას ვუხდი.
- უკრაინა თავისუფალია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისგან. რთულია გუნდის მომზადება სიმძაფრეს მოკლებული მატჩებით. ასეთ პირობებში, რამდენად მნიშვნელოვანია ამხანაგური შეხვედრების დროს გულშემატკივართა მხარდაჭერა? ეს გაზრდის ფეხბურთელთა მოტივაციას?
- უკვე ვთქვი, რომ ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების თამაშებზე სტადიონები შევსებული იყოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ფეხბურთელებმა გულშემატკივართა წინაშე მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ. ამიტომ, საჭიროა სათამაშოდ ისეთი ადგილების შერჩევა, სადაც სტადიონზე ანშლაგი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალაქი ლვოვი იქნება, კიევი, ხარკოვი თუ სხვა რომელიმე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება ევროპის ჩემპიონატის ყველა სტადიონზე თამაში.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრის სტარტი შესაძლოა გადაიდოს. თქვენი აზრით, ეს კარგია, თუ ცუდი?
- ორივე ხელით მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ამჟამინდელი ამინდის გათვალისწინებით, არ მგონია 2 კვირის შემდეგ მოედნების მზადყოფნაში მოყვანა მოხერხდეს. ასეთ პირობებში ჩემპიონატის განახლება დიდი რისკია, რადგან ცუდ მინდორზე ტრავმის მიღების ალბათობა უფრო დიდია. არის მეორე მიზეზიც. თუ ჩემპიონატი 19 მაისს დასრულდება, ნაკრების განკარგულებაში უფრო კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები იქნებიან.
- ჩემპიონატის განახლების გადადება კლუბებს უბიძგებს კიდევ ერთი შეკრების გამართვისკენ. არის “მეტალისტი” ამისთვის მზად?
- დიახ, თუ ჩემპიონატის გაზაფხულის ნაწილის დაწყება გადაიწევს, მზად ვართ მე-4 შეკრების გასამართად. შესაძლოა თურქეთში დავბანაკდეთ, რადგან ამ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გვაქვს და დამატებით საზრუნავს თავიდან ავიცილებთ. ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, მაგრამ თუ ჩემპიონატის მატჩების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეკრებას გავმართავთ.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.116412