ჩემპიონთა ლიგა ფლეი ოფით გვიბრუნდება და მერვედფინალში გასული გუნდები უკომპრომისო ორთაბრძოლებისთვის ემზადებიან. გამონაკლისი არც უკრაინის ბოლო წლების ჩემპიონი, დონეცკის “შახტარია”, რომელსაც სამერვედფინალო ოპონენტად კლაუდიო რანიერის “რომა” ერგო. როგორი განწყობით ხვდებიან დონბასელები ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩს, უკრაინელთა გამოცდილი რუმინელი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როგორ მდგომარეობაში არიან ნაკრებებიდან დაბრუნებული მოთამაშეები?
- გარკვეული სახის დაზიანებები რამდენიმე ფეხბურთელს აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მოთამაშე - კუჩერი დაგვაკლდება “რომასთან”. თავდაპირველად, თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდებში გამოსული მოთამაშეები ინდივიდუალურად დავტვირთე, მალე კი ისინი საერთო ჯგუფში, გუნდთან ერთად გადავიყვანე.
- კუჩერის “რომასთან” გამოსვლა გამოირიცხა?
- დიახ. მას მუხლი სერიოზულად აქვს დაზიანებული და რომაელებს ვერ დაუპირისპირდება.
- “რომა” საკუთარ “ოლიმპიკოზე” მიგიღებთ, ამასთან, უკრაინის პირველობისგან განსხვავებით, იტალიაში “გახურებული” სეზონია. ამის გამო კლაუდიო რანიერის გუნდს უპირატესობა ექნება?
- რომაელთა სასარგებლოდ ერთდროულად რამდენიმე მომენტი მეტყველებს. ამასთან, წინასწარ წასაგებად განწირულები არც ჩვენ ვართ. დავიწყოთ რანიერის გუნდის პლუსებით. იტალიაში ამჟამად “გახურებული” ჩემპიონატია, პირველობა გადამწყვეტ სტადიაში შევიდა, რის გამოც გუნდები მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ ფორმაში არიან. “რომას” ფეხბურთელები მეტად გამოცდილები არიან. მისი მოთამაშეებიდან მენეზი 23 წლისაა, დანარჩენების ასაკი კი 28-30 წლით განისაზღვრება. მათ უამრავი შეხვედრა ჩაატარეს სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგის მატჩებშიც მიუღიათ მონაწილეობა. რომაელთა შემტევები მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩევიან. მენეზის, ვუჩინიჩის, ბორიელოს, ტოტის განეიტრალება ურთულესი საქმეა. ამასთან, ნებისმიერ მათგანს ეულად ხელეწიფება მატჩის ბედის “რომას” სასარგებლოდ გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში “შახტარმა” რა უნდა დაუპირისპიროს “მარადიული ქალაქის” საფეხბურთო გუნდს? ჩვენი კოზირი ახალგაზრდობაა, რაც მომავალ შეხვედრაში დაგვეხმარება. თავდასხმის ხაზში ფეთქებადი ტიპის ფორვარდები გვყავს, რომლებიც სწრაფად თამაშობენ და არც ინდივიდუალური საფეხბურთო თვისებები დაეწუნებათ. “შახტარის” წინახაზელებს ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლიათ, რაც მეტოქის კარის სიახლოვეს რიცხობრივი უპირატესობის შექმნის წინაპირობაა. მათ ბურთის და აქედან გამომდინარე, თამაშის კონტროლიც ეხერხებათ. ერთი სიტყვით, “შახტარში” თამაშის ორგანიზაცია მაღალ დონეზეა დაყენებული. “რომას” რაც შეეხება, გუნდი სწრაფ იერიშებსა და კონტშეტევებს ახორციელებს. ამ დროს მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. მოკლედ, “რომა” კარგად გამოიყურება და სოლიდურ ფეხბურთსაც აჩვენებს მაყურებელს.
- რანიერის ბიჭების განეიტრალების სქემას მიაგენით? “რომას” მწვრთნელის ტაქტიკურად დაჯაბნას მოახერხებთ?
- მე კი არ უნდა ვაჯობო სინიორ კლაუდიოს, ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა მოუგონ რომაელ მოთამაშეებს. მომავალი მატჩები რანიერი-ლუჩესკუს დაპირისპირება კი არაა, არამედ “რომა”-“შახტარის”.
- მოსამზადებელი პერიოდი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიარეთ, სადაც “შახტარი” საკუთარ კარში ბევრ ბურთს უშვებდა. გუნდის დაცვის ხაზის მდგომარეობა არ გაფიქრებთ?
- დუბაიში ჩვენი უპირველესი მიზანი მოთამაშეების ფიზიკური მომზადება გახლდათ. გუნდის სხვადასხვა რგოლების ურთიერთქმედება ჯერ კიდევ დალაგების პროცესში იყო, ამიტომაც არ გამიკვირდა, გოლები ბლომად რომ გავუშვით. მთავარი ამოცანა სათამაშო რიტმის აღდგენაა და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ კიდეც. ერთიცაა – ბიჭები მატჩიდან მატჩამდე თამაშს აუმჯობესებდნენ.
- იტალიაში მუშაობის საკმაო გამოცდილება გაქვთ. ამ ქვეყნის გუნდებთან დაპირისპირება თქვენთვის განსაკუთრებული მომენტია?
- განსაკუთრებული ჩემპიონთა ლიგაა, რომელშიც გარკვეული მიზნის მიღწევა გვაქვს დასახული. იტალიური გრანდებიდან უწინ “ინტერს” ვწვრთნიდი, რომელთანაც მოგვიანებით პირისპირ შეყრა არ მომიწია. “რომას” რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდთან მაშინ გავიყვანე გუნდი საპაექროდ, როცა “გალათასარაის” ვედექი სათავეში. სტამბოლში 1:1 ვითამაშეთ. რომაელებმა ანგარიში 94-ე წუთზე გაგვიყაიმეს. იტალიის დედაქალაქშიც ჩვენი მატჩი 1:1 დასრულდა. ასევე წონასწორობაა “შახტარისა” და “რომას” საჩემპიონთალიგო ურთიერთშეხვედრებშიც. რომში 0:3 დავმარცხდით, დონეცკში კი 1:0 ვიმარჯვეთ. როგორც ხედავთ, ჯგუფურ ეტაპზე ქულები თანაბრად გავინაწილეთ.
- “რომას” რომელიმე უკრაინულ გუნდს ხომ ვერ შეადარებთ?
- იტალიური სერია A-ს კლუბების უმრავლესობა უკრაინულ გუნდებს ისტორიით, ტრადიციით, მოპოვებული ტიტულებით აღემატება. აპენინელები სხვა პარამეტრებითაც ჩვენზე წინ არიან. უკრაინულ ფეხბურთს კი ჯერჯერობით სწავლის და ზრდის პერიოდი აქვს.
- ლუჩანო სპალეტისა და კლაუდიო რანიერის “რომას” შორის სხვაობას თუ ხედავთ?
- სხვაობა ბევრ რამეში იგრძნობა, მოკლედ რომ ვთქვა – სპალეტის “რომა” უფრო კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, რანიერისა კი - პრაგმატიზმზე აკეთებს აქცენტს.
გოჩა კაჭარავა