ინგლისის პრემიერლიგის “სუონსის” მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შვეიცარიული “სენტ გალენის” 1:0 დამარცხების შემდეგ აღიარა, რომ სტუმრებმა კარგი თამაში აჩვენეს და მეტს იმსახურებდნენ.
უელსელებმა საკუთარ მოედანზე უეინ რუტლეჯის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა:
“მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, გამარჯვება მოვიპოვეთ და ამით კმაყოფილი ვარ. ევროთასებზე მუდამ უშეღავათო ბრძოლა იმართება და “სენტ გალენმა” დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი, მებრძოლი გუნდია, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპში თამაშობს. მისაღები შედეგის გარდა ჩემთვის მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ პირველად მოვიგეთ შეხვედრა, რომელშიც კარგი თამაში არ გვიჩვენებია. როგორც წესი, შედეგის მისაღწევად მუდამ საჭირო დონეზე თამაში გვიწევს. საერთო ჯამში ხუთი-ექვსი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ მთლიანობაში, თამაშის ხარისხმა უკეთესის სურვილი გამიჩინა. შვეიცარიელები მეტს იმსახურებდნენ, მაგრამ სიტყვები “იმსახურებენ” და “სამართლიანობა” ფეხბურთში არ არსებობს”.
ორი თამაშიდან ორი მოგებით, “სუონსი” A ჯგუფის ლიდერია და ევროპის ლიგის მორიგ ორ შეხვედრას კრასნოდარის “ყუბანთან” 24 ოქტომბერს (შინ) და 7 ნოემბერს (სტუმრად) გამართავს.