გერმანიის ნაკრების, გელზერკინხენის “შალკესა’’ და დორტმუნდის “ბორუსიას’’ ყოფილ ფეხბურთელ ანდრეას მიოლერის აზრით გერმანიის ეროვნულ ნაკრებს მუნდიალზე გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ამ თემაზე მიოლერი ფიფას ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
“ამ ეტაპზე გერმანიის ნაკრები განიხილება მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ფავორიტად. გერმანიის ნაკრები ყოველთვის არ ყოფილა ჩემპიონატის ფავორიტი, თუმცა დღეს ყველა ნათლად აღიქვამს ჩვენი ნაკრების სიძლიერეს და რეალურია, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულნი იოაჰიმ ლიოვის ფეხბურთელები გახდნენ’’, - განაცხადა მიოლერმა.
“ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად კარგ ფიზიკურ კონდიციებში იქნებიან ფეხბურთელები, რამდენად მოახერხებენ ფეხბურთელები ძალების გადანაწილებას, ვინაიდან ბრაზილიაში ჩასვლა ურთულესი სეზონის დასრულების შემდგომ მოუწევთ.
შეგვიძლია დავიწყოთ წინასწარი საუბარი ვინ შეიძლება გახდეს ჩემპიონი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტის სახეობაა. ამიტომაც ძნელია ზუსტად რაიმეს თქმა, თუმცა შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა. ვფიქრობ, ბრაზილიელები საკუთარი კედლების ხარჯზე და ესპანელები ბურთის კონტროლის უზადო ფლობით გერმანიის ნაკრების უმთავრესი კონკურენტები არიან. ასევე შემიძლია დავასახელო არგენტინა და ურუგვაი, რადგან ეს გუნდები ყოველთვის კარგად თამაშობდნენ თავიანთ კონტინენტზე. ნუ დაგვავიწყდება იტალიის ნაკრებიც’’, - დაასრულა მიოლერმა.
დიმიტრი შარიქაძე