კალათბურთი

14:46 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინუს იტალია და გერმანია, პლიუს – ყატარი

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 1 თებერვალს ფიბა-ს ცენტრალური საბჭოს სხდომაზე იმ 4 ნაკრების ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ე.წ. “ველურ ბარათებს” მიიღებენ.

ფიბა-სთან საქმის მოკვარახჭინებას არაერთი კალათბურთის ფედერაცის ცდილობს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მათ შორის არ იქნებიან გერმანია და იტალია. მათ განაცხადის გამოტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ფინანსური დეტალების და პროცედურის ხასიათის შესახებ შეიტყვეს.

მაგალითად, იტალიური ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი პეტრუჩიმ აღნიშნა, რომ “უაილდ ქარდისთვის” მათ 830 ათასი ევრო უნდა გადაეხადათ, რაც გაუმართლებელი ხარჯი იქნებოდა.

ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ აწუხებს ყატარის კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც “ველურ ბარათზე” განაცხადი სწორედ ბოლო დღეებში შეიტანა და პრეტენდენტთა რიცხვი ცამეტამდე აიყვანა.

ყატარელთა გარდა, ფიბა-ს ვერდიქტს რუსეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, პოლონეთი, ფინეთი, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ნიგერია და ვენესუელა ელიან.

როგორც აღვნიშნეთ, “უაილდ ქარდის” მფლობელთა ვინაობა 1 თებერვალს გაირკვება, 3-ში კი უშუალოდ ფინალური ტურნირის წილისყრა შედგება, რომელშიც 24 ნაკრები იასპარეზებს.

ცნობისთვის, “ველური ბარათების” სისტემა ბოლოჯერ გამოიყენება, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე 32 გუნდი ითამაშებს, ხოლო შესარჩევი ტურნირი 18 თვის განმავლობაში წარიმართება.

0.125493