როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში მოთამაშე საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვასთან მარცხი განიცადა, თუმცა, წაგებაცაა და წაგებაც. დავით უსტიაშვილის შეგირდები ბალტიისპირელებთან 58 ქულის სხვაობით (!) – 49:107 დამარცხდნენ, რასაც ახსნა ძნელად თუ მოეძებნება.
ის, რომ შეხვედრა ქართველთათვის სამარცხვინო დასრულდებოდა, პირველივე მეოთხედში გამოჩნდა, რომელიც ლიტვამ 33:12 მოიგო. შემდგომში მეტოქე სხვაობას მეთოდურად ზრდიდა და ტემპი მხოლოდ დასკვნით მეოთხედშიღა (9:12) დააგდო, თორემ ანგარიში კიდევ უფრო საზარელი იქნებოდა.
ცხადია, თამაშის განხილვას არანაირი აზრი არ აქვს, ამდენად, მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს გაგაცნობთ: საქართველოს ნაკრები ლიტველებს მოხსნებში 29:55 ჩამორჩა, პასებში – 5:20, ხოლო ჩაჭრებში – 12:15. ქართველმა კალათბურთელებმა ბურთი 23-ჯერ დაკარგეს და 37 სამქულიანიდან მხოლოდ 6 ჩააგდეს, მაშინ როდესაც ლიტველებმა 28-დან 14 შორეული ტყორცნა გამოიყენეს. და ერთიც. ბალტიისპირელებმა 27 საჯარიმო შეასრულეს, ქართველებმა კი – 4.
ქართველ 20-წლამდელებს მომდევნო მატჩი 12 ივლისს საბერძნეთის წინააღმდეგ ელით, რომელმაც პირველ შეხვედრაში სერბეთს 79:73 სძლია, დღეს კი გერმანიას 65:59 მოუგო. მოკლედ, საქართველოს ნაკრებს ხვალაც ძალიან რთული შეხვედრა
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. A დივიზიონი. ტალინი (ესტონეთი). A ჯგუფი. 400 მაყურებელი
საქართველო – ლიტვა 49:107 (12:33, 18:30, 10:32, 9:12)
საქართველო: ორმოცაძე (13 წ. 2 ქ.), ო.ფხაკაძე (20 წ. 15 მ. 3 ჩ.), ცირეკიძე (28 წ. 9 ქ. 5 მ.), როგავა (23 წ. 9 ქ.), გელაზონია (29 წ. 4 ქ. 6 მ.); რამიშვილი (7 წ.), გრძელიძე (4 წ.), გოგოძე (10 წ.), მიქელაძე (15 წ.), კვანტალიანი (23 წ. 5 ქ. 6 მ.), ჯინჭარაძე (13 წ. 5 ქ.).
მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gMaaPp3kIrM
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო