ქართველი გაგამარუსთვის ნოემბრის სუპერტურნირის მე-4 დღეც წარუმატებელი გამოდგა. თეიმურაზ ჯუღელმა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯის მძლავრად შეუტია, თუმცა, იერიში ვერ დაასრულა და საპასუხო სუკუინაგეც მიიღო.
ამგვარად, გაგამარუს, რომელიც კიუშიუ ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, ერთადერთი გამრჯვების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა მართებს.
ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ოსუნაარასი იქნება, რომელსაც ჩვენებური კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
ნოემბრის სუპერტურნირის სათავეში მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი დგანან, რომელთაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნიათ. ასევე 4 მოგება გააჩნიათ სეკივაკე გოეიდოს და რიგით მაეგაშირებს – ჩიოტაირიუს, მასუნოიამას და შოტენროს.
სხვა მხრივ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ბაშოს უკვე მე-2 ოძეკი გამოეთიშა. კოტოშოგიკუს კვალად ტრავმა მიიღო ბულგარელმა კოტოოშუმ, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. საქმე ის გახლავთ, რომ ევროპელი სეკიტორი სექტემბრის ტურნირსაც გამოეთიშა და თუკი ახლაც უარყოფით ბალანსს გამორჩა, ოძეკის ტიტულს დაკარგავს და სეკივაკე გახდება.
კოტოოშუს ოიაკატა სადოგატაკეს თქმით, სწორედ ამიტომ ბულგარელი ტკივილს არ ეპუება და რამდენიმე დღის შემდეგ ბაშოზე დაბრუნებას მაინც აპირებს.