საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რამდენიმე საათში მინსკში გაემგზავრება. ბელარუსის დედაქალაქი, 4-5 მარტს, ალექსანდრ მედვედის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 10 ქართველიც მიიღებს. 19-20 მარტს კი, თავისუფლები მახაჩყალას მიაშურებენ, მსოფლიოს თასზე საჭიდაოდ. მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ნაკრები ორივე შეჯიბრზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. წონის ლიდერები: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), კობა კაკალაძე (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) კი მარტის ბოლომდე მხოლოდ შეკრებებს გაივლიან, 29-30 მარტს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.
“მინსკში 55, 60, 66 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩვენი ნაკრების ორ-ორი კანდიდატი იჭიდავებს. 96 და 120 კილოგრამებში – თითო, 74-ში კი მონაწილე არ გვეყოლება. გუნდს ბელარუსში მწვრთნელები - ალექსანდრე კახნიაშვილი და დავით ოთიაშვილი ჩაიყვანენ” - უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მალხაზ ჯორბენაძემ, რომელიც მედვედის სახელობის ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული.
საქართველოს ნაკრები
55 კგ – გივი დავიდოვი და გიორგი ედიშერაშვილი
60 კგ – გიორგი ბალიაშვილი და ბექა ლომთაძე
66 კგ – ილია ხუციშვილი და დავით ბერძნიშვილი
84 კგ – არჩილ ქიტიაშვილი და ირაკლი მარსაგიშვილი
96 კგ – ლერი ქეთიშვილი
120 კგ – გიორგი საკანდელიძე
ოთარ მაღლაკელიძე