ჭიდაობა

13:51 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ახალგაზრდა მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს და ახალგაზრდული მსოფლიო პირველობიდან წარმატებულად დაბრუნებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა.

20 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, მინისტრმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა წარმატებას გაუსვა ხაზი და გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონობა, დავით ბუზიაშვილს ვიცე-ჩემპიონობა, ხოლო ბექა ბუჯიაშვილსა და შოთა ფარტენაძეს და ასევე კლასიკური სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს ბრინჯაოს მედლების მოპოვება მიულოცა.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა – გენო პეტრიაშვილმა (120 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფავორიტად შერაცხულმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ყველა მეტოქე დაამარცხა.

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრამდე გერმანელ ლიტვინოვს 11:2 სძლია, ტუნისელი ტრაბელსი 7:0 დაამარცხა, კანადელი დჰინსა – 8:0, რუსი გოგაევი – 11:4, გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი საქართველოს ნაკრების ლიდერმა ირანელი აბდულა გომი ავილის 7:0 აჯობა.

ქართველი ფალავნის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა გურამ საღარაძემაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა ევროპის პირველობის მოგების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზეც იმარჯვა და დუბლი შეასრულა.

გიორგი გოგშელიძის ხელმძღვანელობით მოჭიდავე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებიდან ვერცხლის მედლის მოპოვება 66 კგ. წონით კატეგორიაში დავით ბუზიაშვილმა შეძლო, რომელიც ფინალში თურქ კილიჩსალაიანთან დამარცხდა, ბექა ბუჯიაშვილმა (55 კგ.) და შოთა ფარტენაძემ (60 კგ.) კი მე-3 საპრიზო ადგილები აიღეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ამგვარად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე 4 მედალი მოიპოვა – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა – მე-3 საპრიზო ადგილი შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) აიღო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.115742