6-17 ივლისს, რუსეთის ქალაქი ყაზანი მსოფლიოს 27-ე უნივერსიადას უმასპინძლებს, რომლის მიზანიც ახალგაზრდა სპორტსმენების შეკრება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. უნივერსიადის დევიზია “შენ ხარ მსოფლიო”. ყაზანში თავს 162 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენები მოიყრის, რაც ამ შეჯიბრების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
უნივერსიადაზე გამგზავრების წინ, საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრების დელეგაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელ ლექსო გუგავასთან ერთად სამინისტროში შეხვდა.
ყაზანის უნივერსიადაზე საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, 11 სპორტის სახეობაში (ცურვა, წყალბურთი, ფარიკაობა, ძიუდო, ქამრიანი ჭიდაობა, კრივი, ჭადრაკი, შვიდკაცა რაგბი, სამბო, სროლა, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გამოვა. ქართული დელეგაცია 110 წევრისგან შედგება, რომელთა შორის 75 სპორტსმენია.
ქართველი სპორტსმენები ყაზანში ჩარტერული რეისით 4 ივლისს 11:00 საათზე გაემგზავრებიან.
ცნობისთვის, უნივერსიადაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია წარმოდგენილი იქნება უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ. ათლეტების საერთო რაოდენობა კი 10 442-ს მიაღწევს.
ყაზანში გასამართი მსოფლიოს უნივერსიადა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა – შეჯიბრებებს 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. უნივერსიადას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 20 000 მოხალისე მოემსახურება.
www.msy.gov.ge