სხვა

15:23 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი ქართველ მთამსვლელებს პაკისტანში შეეხმიანა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანსა და პაკისტანში ექსპედიციაში მყოფი ქართველ მთამსვლელებს ბიძინა გუჯაბიძესა და აფი გიგანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მინისტრი ქართველი მთამსვლელების მიმდინარე მდგომარეობით დაინტერესდა და ბიძინა გუჯაბიძეს თბილისიდან ტელეფონით ესაუბრა. პაკისტანელი ტერორისტების შეტევას უვნებლად გადარჩენილი ქართველი მთამსვლელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან საუბრის დროს პაკისტანის სამხედრო ბაზიდან დედაქალაქ ისლამაბადში მიემგზავრებოდნენ, სადაც აზერბაიჯანის საელჩოს დახმარებით მათი საქართველოში დაბრუნება იგეგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილ უცხოელ მთამსვლელთა ოჯახებს.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანში, პაკისტანელი თალიბების შეიარაღებულმა თავდამსხმელთა ჯგუფმა ექსპედიციაში მყოფი უცხოელი მთამსვლელები ნანგა-პარბატის საბაზო ბანაკში ჩაცხრილა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა  მთამსვლელმა გაქცევა მოახერხა და პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უკრაინის – 3, ჩინეთის – 3, სლოვაკეთის – 2, ლიტვის – 1 და აშშ-ს – 1 მოქალაქეა, ხოლო 1 ადგილობრივი გიდი იყო პაკისტანიდან.

საბაზო ბანაკში, რომელსაც თავს დაესხნენ, რამდენიმე კვირის წინ ის ალპინისტთა ჯგუფი დაბანაკდა, რომელშიც ქართველი მთამსვლელები ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანიც შედიოდნენ. საბედნიეროდ, ქართველი მთამსვლელები, რომლებიც თავდასხმის მომენტში 6100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, შემთხვევას გადაურჩნენ. თავდამსხმელებმა ხსენებულ წერტილამდე ასვლა ვერ მოახერხეს.

ამ ეტაპისათვის, პაკისტანის აღნიშნულ რეგიონში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული და ტერიტორიებზე პოლიცია და სამხედრო ქვედანაყოფები პატრულირებენ. სამართალდამცავების მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 37 ადამიანია დაკავებული. ქვეყანაში ყველა ექსპედიცია შეწყვეტილია და მთამსვლელები საკუთარ ქვეყნებში უახლოეს ხანში დაბრუნდებიან.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

0.11484