19 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი, მოადგილე რატი ბრეგაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა. მინისტრი კიევში უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფება.
კიევში 20-21 ივნისს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. კონფერენციაზე ლევან ყიფიანი და რატი ბრეგაძე სიტყვით გამოვლენ.
კიევში სტუმრობისას ლევან ყიფიანი უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – რავილ საფიულინს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან და უკრაინის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორთან.
ვიზიტის ფარგლებში ყიფიანი კიევში ოლიმპიურ საწვრთნელ ბაზას, ახალგაზრდულ სოციალურ ცენტრსა და ოლიმპიურ სტადიონს მოინახულებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური