ფეხბურთი

19:05 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინდია ბობღიაშვილი: “ყველას მივმართავ: “გურია” სუფთად თამაშობს და ჩირქს ნუ გვცხებენ”

 

ლანჩხუთის “გურიამ” ექვსეულში ადგილი გაინაღდა: მას შემდეგ, რაც ჩემპიონატი განახლდა, დავით მახარაძის გუნდმა 3 მატჩში 6 ქულა აიღო, მათ შორის, უშუალო კონკურენტ გორის “დილას” გასვლაზე 2:0 სძლია. როგორც წესი, საკვანძო შეხვედრებისას ხშირია მითქმა-მოთქმა, ამ გუნდმა ამან “მისცა”, იმან უნდა “დაუბრუნოს” და ასე შემდეგ... მსგავსი რამ ითქვა “გურია”-“ჩიხურას” (2:0) შეხვედრის წინაც. ანუ, “ჩიხურა” ლანჩხუთელებს უნდა დახმარებოდა ექვსეულში შესვლაში, შემდეგ კი, ექვსეულში გარანტირებული 6 ქულა აეღო “გურიასგან”.

ლანჩხუთელთა მეკარე მინდია ბობღიაშვილი “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უსამართლო შეურაცხყოფაა.

-       მინდა ყველას ვუთხრა, რომ “გურია” სუფთად თამაშობს და ჩირქს ნუ გვცხებენ. ყველაფერი ჩავდეთ “ჩიხურასთან” მოსაგებად, ამ დროს კი მესმის, რომ თურმე ეს 3 ქულა უჩუქებიათ და მერე ჩვენ 6 ქულა უნდა დავუბრუნოთ. სოციალურ ქსელებში წავიკითხე ამის შესახებ. ჭორებსაც ვერ დავარქმევ, ეს შეურაცხყოფაა. მაშინ, კიდევ ბევრ მატჩზე შეიძლება ასე საუბარი. რაღაცას იტყვის ერთი, მერე აიტაცებს მეორე, მესამე... თუ ასეა, “დილას” გასვლაზე როგორ მოვუგეთ? ჩვენი კონკურენტია, მასაც “ჩიხურასავით” ხომ არ ჰქონია ექვსეული განაღდებული. ბევრს გაუკვირდა, რომ ფაქტობრივად შეკრებაგაუვლელი გუნდი ექვსეულში შევიდა. ახალი გუნდი შეიქმნა და ახალწვეულებმა ღირსეულად შეცვალეს გუნდიდან წასული ფეხბურთელები. ხელმძღვანელობაც გვერდში დაგვიდგა. ცალკე სათქმელია მწვრთნელების დამსახურება: დავით მახარაძემ და მისმა შტაბმა დაამტკიცა ცოდნა და პროფესიონალიზმი.

-       ლანჩხუთში ჩაატარეთ ორი მატჩი. მინდორი, როგორც ვიდეოდან ჩანს, ცუდ მდგომარეობაშია.

-       უვარგისიაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ მოვლა სჭირდება. ამბობენ, გავაკეთებთო. ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს.

-       ფინანსურად როგორ არის საქმე? დავალიანება რაც იყო, გასტუმრებულია?  

-       მთლიანად არაა გასტუმრებული. ცდილობენ, ყველაფერი მოაწესრიგონ და მეც მჯერა, რომ “გურიას” კარგი მომავალი აქვს.

-       ვარჯიშებს სად ატარებთ?

-       ურეკში ვართ დაბინავებულნი და იქვე ვვარჯიშობთ. კარგი პირობებია და ნელ-ნელა ეს ჩვენს თამაშზე ისახება. უფრო გავაუმჯობესებთ თამაშს და ექვსეულში მოტივაციადაკარგულები არ ვიქნებით.

-       მთლიანობაში, მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებთ?

-       პირადად ჩემს თამაშს რაც შეეხება, თავდაჯერებული ვარ და ვფიქრობ, ნორმალურად ვთამაშობ. ჩემპიონატის დონე კი – მიმდინარე სეზონი იმით გამოირჩევა, რომ დაძაბულობა მეტია. ბევრი თანაბარი დონის გუნდია. მსაჯობაზე ვიტყოდი, რომ შარშანდელთან შედარებით გამოსწორებულია. ყოფილა შემთხვევები, როცა ცხელ გულზე მითქვამს მათზე უარყოფითად, მაგრამ მერე დავფიქრებულვარ და ეს უბრალოდ შეცდომა ყოფილა. შეცდომა კი ყველას მოსდის. მთავარია, მიზანმიმართული არ იყოს.

-       დავით მახარაძე შეაქეთ და უფრო კონკრეტულად, რას იტყოდით მასზე?

-       14 თუ 15 მწვრთნელთან მიმუშავია და მახარაძეს მათ შორის, სამეულში შევიყვანდი. ასევე, ხვიჩა ქასრაშვილსა და გიორგი ყიფიანს გამოვარჩევდი. მომწონს პრინციპული და გაბედული მწვრთნელები. მაგალითად, “ჩიხურასთან” 1:0 ვიგებდით და მახარაძემ დამატებით თავდამსხმელი შემოიყვანა. სწორედ მან (ნიქაბაძე) გაიტანა კიდეც მეორე გოლი.

0.113144