მთელს თბილისში მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მეგულება ერთადერთი ადგილი, სადაც ღვინიდან დაწყებული და ყველით დამთავრებული ყველაფერი გლეხური, საამო და ნატურალურია. შეხვალ, ჩამოგიმწკრივებენ სულ ხელიხელსაგოგმანებ ქართულ ღვინოებს. შენ მოინდომე მხოლოდ... ხაშმის სურნელოვანი საფერავი გინდა? იქაა! დიდებული წარაფი გინდა? კი ბატონო! იმერული გემრიელი ღვინოები ხომ არის და არის! მარტო ეს კი არა... თუ მოინდომებ, იქვე გასინჯავ კაი-კაი მონასტრულ ყველს, რაჭულ ლობიანსა და ლორს... დაჯექი შენთვის წყნარად, წრუპე ღვინო და იყავი ბედნიერი... მაგრამ, ბედნიერება მხოლოდ ღვინოში როდია. ბედნიერებას ყველაზე მეტად კარგი ადამიანები განიჭებენ და ალბათ სწორედ კარგი ადამიანების ნახვად ღირს ამქვეყნად დაბადება.
ამასწინათ, მეგობრებთან ერთად იმ კოხტა ბარში შესულს, იღბალმა ძალიან კარგი საჩუქარი გამიკეთა. თბილისის ძველ ნაწილში ინგლისურად მოსაუბრე ხალხის ხილვა აბა ვის უკვირს? ჰოდა, მეც თავიდან დიდი ყურადღება არც მიმიქცევია ინგლისურად მოლაპარაკე ორი მამაკაცისთვის, რომლებიც ბარში გვიან საღამოს ისხდნენ, ღვინოს, ლორსა და თხის ყველს გეახლებოდნენ და ჭუკჭუკებდნენ. მაგრამ, სიხარული ვერ დავმალე, როდესაც, ერთ-ერთი მოინგლისურთაგანი, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი აღმოჩნდა!
როგორც გაირკვა, ჰეიგი ნატურალური ქართული ღვინის დიდი მოტრფიალე ყოფილა და ღვინის ბარის ხშირი სტუმარიცაა. განსაკუთრებულად თურმე, “ჯაყელების” საფერავსა და “კახა ბერიშვილის მარნის” ართანულ საფერავს ეტრფის. საქართველოშიც და მთელს მსოფლიოში, მართლაც იშვიათია ისეთი ადამიანები, რომლებიც სადაც კი ჩადიან ნატურალურ ღვინოს დაეძებენ. ამიტომაც, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს მორაგბეებს წვრთნის კაცი, რომელიც საქართველოს და ქართულ ღვინოს ასე აფასებს. საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა და ეს იმითაც დასტურდება, რომ ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვები: “ვაინ”, “ვინე”, “ვინო” და სხვა... “ღვინოდან” მომდინარეობს და ამაზე უკვე ევროპაშიც აღარ კამათობენ.
ვუყურებდი მილტონ ჰეიგსა და მის ქართველ მეგობარს, როგორი თვალების მოწყურვითა და სიამით წრუპავდნენ კახეთში, სოფელ ხაშმიში დაკრეფილი ყურძნისგან დაწურულ ღვინოს და რაღა დაგიმალოთ – სიამაყე მიპყრობდა. მიხაროდა, რომ ჩვენი ნაკრები ასეთი კაცის ხელშია და მიხაროდა ისიც, რომ ღვინის მასობრივად წარმოებით სახელგანთქმული ახალი ზელანდიის შვილი ქართული ღვინით იყო აღფრთოვანებული.
ახალი ზელანდია, როგორც იცით, ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც რაგბიცა და მეღვინეობაც არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. ამის მიუხედავად, დღეს ახალ ზელანდიაში წარმოებული ღვინო რაოდენობრივად ქართულ ღვინოს რამდენჯერმე აღემატება. რაოდენობა ხარისხს რომ არ ნიშნავს, ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ ნატურალისტი მეღვინეები ზელანდიაშიც არიან და იმ ქვეყანაშიცაა ადამიანები, რომელთათვისაც ღვინო მხოლოდ ფულის შოვნის წყარო არ არის. მილტონ ჰეიგიც სავარაუდოდ სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება და ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად განგაწყობს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიმართ.
როდესაც მილტონ ჰეიგი და მისი ქართველი მეგობარი წამოდგნენ და დანახარჯი გადაიხადეს, მეგობრის წაქეზებით მხოლოდ მაშინღა გავბედე მისვლა და მისალმება (საერთოდ, წესი არ არის, საუბარში გართული და “საკუთარ სტიქიაში მყოფი” ადამიანებისთვის მყუდროების დარღვევა). საუბარი გვქონდა უბრალო და მეგობრული. ანუ, სწორედ ისეთი, ქართულ რაგბის და ქართულ ღვინოს რომ ეკადრება. სულ რომ არ უყვარდეს და აინტერესებდეს კაცს რაგბი, მხოლოდ ჰეიგისთანა ადამიანების ხილვის შემდეგ დაინტერესდება. მართლაც, სიყვარულს დიდი ძალა აქვს!
ლევან სეფისკვერაძე