ჭიდაობა

12:23 | 14.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

მილიონიანი ბიუჯეტი და თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატი

საბერძნეთში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ შეგირდების გამოსვლა გუშინ, სპორტის დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში შეაჯამა. 5-8 ნოემბერს, სალონიკში ქართველმა სამბისტებმა 4 მედალი მოიპოვეს და გუნდური მე-4 ადგილი დაიკავეს. ნაკრების დანარჩენ ხუთ წევრს კი კვარცხლბეკამდე თითო გამარჯვება დააკლდა.
“მსოფლიოს პირველობა ოქროს მედლის გარეშე ჩავამთავრეთ, მაგრამ გუნდურ ჩათვლაში ჩასაწერი ქულები ნაკრების ყველა წევრმა მოიპოვა და საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავედით. განსაკუთრებით კარგად თავისი შესაძლებლობები 82 კილოგრამში მოჭიდავე ნიკო კუციამ წარმოაჩინა. ამ ბიჭს ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და მისთვის ვერცხლის მედალი საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ უფრო მეტიც შეეძლო. ფინალში შეეტყო, რომ მიღწეულით უკვე კმაყოფილი იყო და ამ მოდუნებამ თავისი ქნა. უშანგი კუზანაშვილისა (52 კგ) და მინდია ბოდაველისგან (90 კგ) პირველ ან მეორე ადგილს ველოდი და ფინალში გასვლა მხოლოდ ბოდაველმა შეძლო. კუზანაშვილმა კი ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა და საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა მირიან პავლიაშვილიც (100 კგ), მაგრამ ძირითად ბადეში ძალიან იოლად დანებდა მეტოქეს, რაც მისი დონის სპორტსმენისთვის ნამდვილად არაა მოსაწონი ფაქტი. ავთანდილ ცინცაძე (57 კგ), ლევან ქოჩიევი (62 კგ), ბექა იმერლიშვილი (68 კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) მე-5 ადგილზე გავიდნენ. დავითაშვილის ჭიდაობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. პირველად გამოვიდა ჩვენთან და საოცრად ძლიერად იჭიდავა. მართალია უმედლოდ დარჩა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ისეთ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა საშინლად დაძაბულ ბრძოლაში, რომელსაც ბოლო 3 მსოფლიოს ჩემპიონატი ლამის ცალი ხელით ჰქონდა მოგებული. დავითაშვილს სამომავლოდაც აუცილებლად გამოვიყენებთ, თუკი ძიუდოისტები არ აჭიდავებენ ნაკრებში. ჩემი აზრით, მასზე უკეთესი დღეს ქართულ ძიუდოს არავინ ჰყავს მძიმე წონაში” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
ლევან თედიაშვილმა ოქროს მედლის გარეშე დარჩენის ერთ-ერთ მიზეზად ქართული გუნდის საბერძნეთში ავტობუსით გამგზავრება დაასახელა და იქვე დასძინა, სამწუხაროდ, გაურკვეველ მიზეზთა გამო, მე საბერძნეთის ვიზაზე უარი მითხრესო. სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა ფინანსების ნაკლებობაც ახსენა, თუმც იქვე დასძინა, ამ საქმეს აუცილებლად მოვაგვარებო.
“დეკემბრიდან ხელფასი ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრს და ვეტერან სამბისტს დაენიშნება. ამ პრობლემას აქამდეც მოვაგვარებდით, რომ არა ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. ძალიან ბევრი ბიზნესმენია, რომელიც მზადაა, იმდენით დაგვაფინანსოს, რამდენიც დაგვჭირდება. მხოლოდ ერთი პირობით, სამბოს დახმარების გახმაურების ყველას ეშინია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რატომღაც სპორტის ამ სახეობისთვის მხარში დადგომა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. Yველაფრის მიუხედავად, გპირდებით, იანვრიდან ჩვენი ფედერაციის ანგარიშზე მილიონი დოლარის ანგარიში დაიდება” – აღნიშნა ლევან თედიაშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტისვე თქმით, 2010 წლის მსოფლიოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 7-10 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს. და ბოლოს, ერთი უსიამოვნო ფაქტიც. აფხაზეთის ნაკრებს საერთაშორისო ფედერაციის წევრობა სურს. ამ საკითხზე ქართველთა პოზიცია რა თქმა უნდა უარყოფითია.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.114718